"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის საფუძველზე, წინასაარჩევნო პერიოდში დაჯარიმებული ფიზიკური თუ იურიდიული პირები დაკისრებული ადმინისტრაციული გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
გადასახადისგან გათავისუფლება როგორც აღუსრულებელ, ასევე აღსრულებულ ნაწილს შეეხება. კანონის თანახმად, პირებს, რომელთა მიმართ ფინანსური სანქციები უკვე გამოიყენეს, ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი თანხები ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდებათ. ასევე უქმდება მათ მიმართ განხორციელებული ყველა იძულებითი სახის ღონისძიება: ყადაღა, ინკასო და ასე შემდეგ.
"ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფელბის შესახებ" კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოამზადეს. მისი ავტორები ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გიგლა აგულაშვილი და "ნაციონალი" დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.
აღნიშნული კანონპროექტის მიღება გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო თანხა 144 316 688 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან აღსრულების პროცესშია საქმეები 133 790 769 ლარზე. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონის მიღების საფუძველზე, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება უჩნდება, რომ მან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბიუჯეტიდან უკან ჯარიმა-საურავის სახით გადახდილი 10 525 919 ლარი უნდა დაუბრუნოს.
გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ცნობილი ხდება, რომ პარალელურად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მზადდება.