ივერიონი / თორნიკე შარაშენიძე: რუსეთი ჩვენგან დათმობას ითხოვს, ჩვენ კი არ ვთმობთ!

თორნიკე შარაშენიძე: რუსეთი ჩვენგან დათმობას ითხოვს, ჩვენ კი არ ვთმობთ!

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებას აუცილებლად მიიჩნევს. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო ევროატლანტიკური კურსის ერთგული რჩება, თუმცა ამავე დროს ურთიერთობის დალაგება უნდა რუსეთთან. ექსპერტის თქმით, ეს იოლი ამოცანა არ არის.


,,რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელია, თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ  სააკაშვილს არ დაელაპარაკება. ეს  საბაბი უფროა, ვიდრე მიზეზი“, - აღნიშნავს შარაშენიზე.


მისი თქმით, სააკაშვილი ახლა ქვეყანას, პრაქტიკულად, აღარ  მართავს, თუმცა რუსეთი მაინც არ მოდის საქართველოსთან დიალოგზე და აცხადებს, რომ საქართველომ თვითონ უნდა შესთავაზოს ურთიერთობის აღდგენის გეგმა.


,,საქართველოს გეგმის რამდენიმე პუნქტი აქვს, მათ შორის,  ოკუპაციის მუზეუმის დახურვა და ბევრი სხვა. საპასუხოდ კი ისმის, რომ საქართველო უნდა შეეგუოს ტერიტორიების დაკარგვას. რუსეთის მხრიდან არაოფიციალურ დონეზე გეგმა უკვე ჩანს“, - აცხადებს ექსპერტი.


მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების კურსია საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გვერდზე გაწევა, როგორიცა ტერიტორიული მთლინობის აღდგენაა.


,,რუსები გვეუბნებიან, რომ ეს საკმარისი არ არის, ისინი ჩვენგან დათმობებს ელიან, ჩვენ კი არ ვთმობთ. დათმობისთვის სიმბოლური ჟესტი ოკუპაციის მუზეუმის გაუქმება იქნება“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.


შარაშენიძის განცხადებით, რუსეთს დიდი იმედი აქვს, რომ საქართველო ევროკავშირს ვერ დაუახლოვდება და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასალაგებელია, რუსეთი მომგებიან პოზიციაშია.


ექსპერტის თქმით, საქართველო რუსეთთან შედარებით სუსტია, მაგრამ თუ ნატო და ევროკავშირი საქართველოს გვერდით იქნებიან,  ქვეყანა უფრო გაძლიერდება.

5-12-2012, 13:18
უკან დაბრუნება