დღეს საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვაზე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიება თავისუფლებით შეეცვლათ, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკამაყოფილა.
ოქრუაშვილის ადვოკატმა ლალი აფციაურმა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა მიკერძოებულობასა და არაობიექტურობაში დაადანაშაულა.
„სასამართლოს გადაწყვეტილება აბსურდულია და ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ბრალმდებელ მხარეს არ აქვს არანაირი მყარი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ნათლად მიანიშნებდა ოქრუაშვილისა და მისი „თანამოაზრეების“ დანაშაულზე“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში აფციაურმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავარ პროკურატურას ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საფრანგეთისთვის აქამდე არანაირი მოთხოვნა არ გაუგზავნია, რათა საფრანგეთის ხელისუფლება ჩართულიყო გამოძიებაში და გამოეაშკარავებინა ის ბრალდებები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ოქრუაშვილს წაუყენა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის 223-ე მუხლით ედება ბრალი, რაც უკანონო ფორმირებების შექმნასა და მის ხელძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ოქრუაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 დეკემბერს 10 საათზე განახლდება.