"თბილისის მერიოტში" საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა კონფერენცია გამართა, სადაც "კონკურენციის შესახებ" კანონპროექტი და კონცეფცია წარმოადგინა. კანონპროექტი განხილვის შემდეგ საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნაა.
"ინსტიტუტმა ეს საკითხი გაზაფხულზე მოამზადა. კონკურენციის კანონი უნდა ვრცელდებოდეს ეკონომიკის ყველა სექტორზე, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კანონდარღვევად ჩაითვლება ის შემთხვევაც, თუ მაგალითად, ერთი სექტორის წარმომადგენელი აკრძალავს თავისი რეგიონის პროდუქტის სხვა რეგიონში გავრცელებას და ამას ხელისუფლება გააშუქებს, ეს კანონდარღვევად ჩაითვლება", - განაცხადა პროექტის ავტორმა ქეთევან ლაფაჩმა.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კონკურენციის შემზღუდავი ქმედებების აკრძალვებიდან გამონაკლისების გავრცელებას კარტელურ შემთხვევებზე: ფასების ფიქსაცია, ბაზრების დაყოფა და სხვა.
"ქვეყანას არ ჰქონდა იმის საშუალება, ეკონომიკაში გრძელვადიანი პროექტები განეხორციელებინა. წინა ხელისუფლების სტილი იყო ნებისმიერ სფეროში ფასადური პოლიტიკა გაეტარებინა. ახალი კანონი შემუშავებულია საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით, რომელსაც შევთავაზებთ ქართულ საზოგადოებასა და ინსტიტუტებს", - განაცხადა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარემ გია ხუხაშვილმა.
პროექტის მიხედვით, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ორ დამოუკიდებელ სააგენტოდ გაიყოფა. პროექტი ითვალისწინებს გაეროს, მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი ტიპური კანონების აგების პრინციპებს.