"ბავშვთა სამყაროს" წინ გამართულ გარემოვაჭრეების აქციაზე "გარე ვაჭრობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს.
კანონპროექტის ავტორი "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილია.
კანონპროექტის თანახმად, გარევაჭრობა დასაშვები უნდა იყოს 6 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე დროებითი ნაგებობიდან და 3 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე არასტაციონარული კონსტრუქციებიდან.
"გარე ვაჭრობის ნებართვა კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გაიცემა უსასყიდლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ და საქართველოს მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების დადგენილი ნორმების გათვალისწინებით",- ნათქვამია კანონპროექტში.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, გარევაჭრობის ნებართვა გაცემული უნდა იყოს 2 წლის ვადით და მოვაჭრემ არ უნდა დაიკავოს ტროტუარის ნახევარზე მეტი. დაშვებული უნდა იყოს ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვა, რომელიც სამართლებრივი აქტების მოთხოვნით იქნება დაცული.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მოსაკრებლის შემოღების საკითხს, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს ერთ კვადრატულ მეტრზე.
კანონპროექტი განსახილველად საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.
"ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს და გარე ვაჭრობის ლეგალიზაცია მოითხოვეს.