ივერიონი / სასამართლომ მძარცველებს ბრალი წაუყენა

სასამართლომ მძარცველებს ბრალი წაუყენა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით  სხვისი  ნივთის ქურდობის ფაქტზე, ბრალდებულების გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა.

საქმე ბრალდებულების ვახტანგ ფურცელაძის, ვახტანგ ირემაძის, მერაბ ლაშქარეიშვილისა  და ამჟამად ძებნაში მყოფი პირების  გაგა ავალიანისა და  ლაშა გელხვიიძის მიმართ წარმოებდა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მათ  თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ორდუს საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასი ნივთების ქურდობა ბრალდებათ. ბრალდებულ ვახტანგ ფურცელაძეს ასევე, ბრალად  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება წარედგინა.

საქმის მასალების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა 2012 წლის იანვარში, საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასი ნივთების ქურდობის მიზნით,  დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი  ჩამოაყალიბეს.

სასამართლოს ინფორმაციით, 2012 წლის 5 მარტს, ქალაქ ორდუში, თურქეთის დროით დაახლოებით ღამის 3 საათზე, საქართველოს მოქალაქეებმა - ვახტანგ ფურცელაძემ, ვახტანგ ირემაძემ, მერაბ ლაშქარეიშვილმა, გაგა ავალიანმა და ლაშა გელხვიიძემ საიუველირო მაღაზიაში წინასწარ გათხრილი გვირაბით შეაღწიეს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 639005,6 თურქული ლირის (606799,7 ლარი) ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობებს, 5000 თურქული ლირას (4748 ლარი) ნაღდი ფულის სახით და 4000 თურქული ლირის (3798,4 ლარი)  ღირებულების იარაღს დაეუფლნენ.

„გიორგი ხარატიშვილის გარდა, აღნიშნულმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტ  ”სარფის” გავლით,   დანაშაულის ჩადენის დღესვე საზღვრის გადმოკვეთა და მოპარული ნივთების საქართველოში შემოტანა შეძლეს. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული ნივთებიდან 430 გრამი ოქროს ნაკეთობების რეალიზება  მალევე მოახერხეს“ - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ვახტანგ ფურცელაძემ ე.წ „სამეული“ ერთ-ერთ ნათესავს აჩუქა, ხოლო ერთი ბეჭედი ახლობლის საცხოვრებელ სახლში დარჩა. მოპარული ძვირფასეულობის ნაწილს, მერაბ ლაშქარეიშვილი საცხოვრებელ სახლში ინახავდა, პარალელურად კი, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოპარული ნივთების რეალიზაციაზე მოლაპარაკებებს  საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ნ.-სთან აწარმოებდნენ.

„გამოძიების პროცესში, ნაქურდალი ოქროს ნივთები მერაბ ლაშქარეიშვილის  მშობლების საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოიღეს, ასევე, ოქრომჭედლისგან, რომელმაც აღნიშნული ნივთები  ვახტანგ ფურცელაძისგან შეიძინა და საქმეზე მოწმის სტატუსის მქონე რამდენიმე პირისგან. ვახტანგ ფურცელაძის პირადი ჩხრეკისას ასევე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლოს წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული იყო ასევე გიორგი ხარატიშვილი, მაგრამ საქმის არსებითი განხილვისას ბარლდების მხარემ მის ბრალდებაზე უარი თქვა, რის საფუძველზეც სასამართლოს განჩინებით აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლო კი, ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

წარდგენილ ბრალდებაში, ვახტანგ ფურცელაძეს, რომელსაც ასევე ნარკოტიკული დანაშაული ედებოდა ბრალად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, სასჯელის ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ვახტანგ ირემაძეს, მერაბ ლაშქარეიშვილს, ძებნაში მყოფ გაგა ავალიანს და ლაშა გელხვიიძეს სასჯელის სახით 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

5-12-2012, 16:34
უკან დაბრუნება