ინტერპოლის თბილისის ეროვნული ცენტრალური ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვიქტორია ივანოვა თბილისში დააკავეს.
კიევის ინტერპოლის მიერ, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების მითვისება-გაფლანგვის ან დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, 2011 წლის 28 აპრილიდან საერთაშორისო ძებნა-დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით იძებნებოდა 1964 წელს დაბადებული ვიქტორია ალექსანდრეს ასული ივანოვა.
2009 წლის 14 სექტემბერს უკრაინის სახელმწიფო საწარმო „Ukrmedpostach"-ს და კომპანია "Vamed Engineering Gmbh & CO KG"-ს შორის გაფორმდა 10 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება - სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების შესახებ. კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, კომპანია „Ukrmedpostach"-ის დირექტორმა მ.ი.პეტრენკომ, ვ.ივანოვასთან წინასწარი შეთანხმებით, სამედიცინო აღჭურვილობის უკრაინაში დარეგისტრირებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურების მიზნით, კომპანიებთან - „Ukrmed" და "Megalain Plus" -ხელშეკრულება 457.410 უკრაინული გრივნის ოდენობით გააფორმა. აღნიშნული მომსახურება ვ.ივანოვამ არ შეასრულა და გადახდილი თანხა, პირადი გამოყენების მიზნით, უკანონოდ მიითვისა.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის უზბეკეთის მოქალაქე სოჯიდაჰონ რუზიმატოვაა.
ტაშკენტის ინტერპოლის მიერ, ტრეფიკინგთან დაკავშირებით, 2012 წლის 30 ივლისიდან, ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ლურჯი ცირკულარით იძებნებოდა 1975 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე სოჯიდაჰონ რუზიმატოვა.
რუზიმატოვამ ნამანგანის რეგიონში ადამიანების ტრეფიკინგის მიზნით, მოტყუებით დაიქირავა უზბეკი გოგონები, დაპირდა მათ მაღალანაზღაურებად სამუშაოს, ჩაიყვანა ისინი თურქეთში, ქალაქ კონიაში, სადაც სასტუმრო "ბაკში" დააბინავა. დაზარალებულების კონტროლის მიზნით, რუზიმატოვამ, დაუდგენელ პირთა დახმარებით, მათ პასპორტები და გამომუშავებული ფული ჩამოართვა. 2011 წელს, ივლისიდან დეკემბრამდე დამნაშავე ქალბატონი მოტყუებული გოგონების სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა.
მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, აღნიშნულმა პიროვნებამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტ "სარფის" გავლით გადმოკვეთა. საქართველოში ს.რუზიმატოვას შემოსვლის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ტაშკენტის ინტერპოლს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 30 ნოემბერს, ტაშკენტის ინტერპოლმა ძებნილი პირის დაკავებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტი და შუამდგომლობა გამოაგზავნა. ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, ს.რუზიმატოვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის მიმართულებით კვეთის დროს დააკავეს და „აჭარა-გურიის" დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა.
ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.