ივერიონი / კალაძე_ნოღაიდელის კადრების ტყვე თუ სატარიფო ავანტიურა?!

კალაძე_ნოღაიდელის კადრების ტყვე თუ სატარიფო ავანტიურა?!

საქართველოში გაზის ტარიფის შემცირებას ხელოვნურად აბრკოლებენ ენერგეტიკის სამინისტროში მოკალათებული მაღალჩინოსნები.


ამის შესახებ "ივერიონს" კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისიდან აცნობეს.


"ქართული ოცნების" წყაროს ინფორმაციით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახი კალაძის მაგიდაზე დევს 1000 გვერდიანი კონცეფცია, რომლითაც დასაბუთებულია, რომ საქართველოში გაზის ტარიფის განახევრება შესაძლებელია. თუმცა, კალაძე თავისივე სამინისტროსმაღალჩინოსნებმა და ენერგეტიკის სხვა სფეროებში მოღვაწე სახელმწიფო მოხელეებმა დაარწმუნეს, რომ ტარიფის არა თუ განახევრება, არამედ მისი საგრძნობლად შემცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.


"ეს ნაშრომი, "ქართული ოცნების" თემატურ ჯგუფშია დამუშავებული და მასში მონაწილეობა უმაღლესი კვალიფიკაციის ენერგეტიკოსებმა მიიღეს. თუმცა, კალაძეს ისეთი გარემოცვა ჰყავს, რომელთაც არანაირად არ აწყობთ ამ ეტაპზე ტარიფის შეცვლა.


კალაძემ სამინისტროში ზურაბ ნოღაიდელის კორუმპირებული კადრები მიიყვანა, რომლებიც ადრე "კალა კაპიტალში"_ მისი და ზურაბ ნოღაიდელის საერთო ბიზნესში იყვნენ დასაქმებული. მათ საერთო ენა იოლად გამონახეს იმ ხალხთან, ვინც გაზის მაღალი ტარიფის საშუალებით ფულს შოულობს და გარკვეული ინტერესებიც გაუჩნდათ. სწორედ ამ ადამიანებმა დაარწმუნეს კახი კალაძე, რომ ტარიფის დაწევა არარეალურია, ხოლო "ქართული ოცნების" თემატურ ჯგუფში დამუშავებული ენერგეტიკის კონცეფცია საფუძველსაა მოკლებული",-განუცხადა წყარომ  "ივერიონს".


წყარო ამტკიცებს, რომ ზურაბ ნოღაიდელის კადრებს სხვა მიზეზის გამოც არ აწყობთ ტარიფების საგრძნობლად დაწევა, რადგან, თუ ეს გაკეთდა, მთელი სატარიფო პოლიტიკა იქნება გადასახედი, ეს კი, თავისთავად ნიშნავს უცხოურ კომპანიებთან იმ კაბალური ხელშეკრულებების გადახედვას, რომლებიც ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობისას დაიდო.


"ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოსთვის საზიანო არაერთი კონტრაქტი გააფორმა ენერგეტიკის სფეროში. ეს არის დანაშაული და წესით ამ კონტრაქტებს თუ საფუძვლიანად შეისწავლიან, მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ეს რომ არ მოხდეს, ნოღაიდელის კადრები ყველაფერს აკეთებენ, რომ სატარიფო პოლიტიკა არ შეიცვალოს და კონტრაქტები არ გადაიხედოს. კახი კალაძეც ამ ადამიანებს უჯერებს და ნებსით თუ უნებლიედ, თავის ყოფილ ბიზნესპარტნიორს ხელს აფარებს",-განაცხადა წყარომ.

5-12-2012, 17:34
უკან დაბრუნება