ივერიონი / ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა გრძელდება

ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა გრძელდება

გასულ წელს, საქართველოში დაწყებულმა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამამ სრული კრახი განიცადა.


აღნიშნული პროგრამა სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დაიწყო. ამის შედეგად 30 000 ადამიანი დაზარალდა. ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი უმეტეს რეგიონებში უვარგისი იყო, ამიტომ ფერმერებმა მისი რეალიზაცია, ფაქტობრივად, ვერ შეძლეს. 


გლეხებმა, ჰიბრიდული სიმინდის შესაძენად ბანკებიდან სესხი აიღეს. მათ დიდი მოგების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ამის სანაცვლოდ თესლში გადახდილი თანხაც ვერ ამოიღეს.
მართალია, მოსავალი არ იყო, მაგრამ გლეხებს ბანკიდან აღებული კრეტიტების დაფარვა მაინც მოუწევთ.


მიუხედავად გასული წლის კრახისა, წელსაც გრძელდება ჰიბრიდული სიმინსის პროგრამა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოტანას კერძო კომპანიები ახორციელებენ, ძირითადი მომწოდებელი კი კომპანია "პიონერია".


სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამოკიდებულება ჰიბრიდულ თესლთან მიმართებაში არც თუ ისე სკეპტიკურია. რადგან 21-ე საუკუნეში ვერსად გავექცევით ჰიბრიდულ თესლს, ამ თესლიდან მიღებული მოსავალი კი, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.


"ჰიბრიდული სიმინდის თესლის გამოყენება უნდა მოხდეს გარკვეული წესების დაცვით. რაც გულისხმობს იმას, რომ დასავლეთ საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის თესლის მოვლის სხვა პირობებია საჭიროა და აღმოსავლეთ საქართველოში სხვა. რადგან აღნიშნული სიმინდის ჯიში ყველა ნიადაგზე და ყველა რეგიონში არ ხარობს", _ განუცხადეს "ივერიონს" სოფლის მეურნეობის სამინისტროში.


გაურკვეველია იმ გლეხების ბედი, რომლებსაც ბანკიდან კრედიტები აქვს გამოტანილი. გლეხებს კრედიტების დაფარვის ვადა ნოემბერ-დეკემბერში ეწურებათ. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კრეტიდების დაფარვის ვადის გადავადებისთვის.


"იმ გლეხებს, რომლებმაც გასულ წელს ჰიბრიდული სიმინდის თესლი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის შვილობილი კომპანიისგან "სოფლის მეურნეობის კორპორაცისგან" მიიღეს, მათ კრედიტების გადახდის ვადა 15 მაისამდე მიეცემათ. მაგრამ ეს მხოლოდ იმ გლეხებს ეხებათ, რომლებსაც კრედიტი აღნიშნული კორპორაციიდან მიიღეს. ასევე, სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს სადაზღვეო კომპანიებთან", _ განაცხადა ჩვენთან საუბარში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა.

5-12-2012, 17:54
უკან დაბრუნება