ივერიონი / ირაკლი ალასანია სამოქალაქო სექტორს ყოველთვიურად შეხვდება

ირაკლი ალასანია სამოქალაქო სექტორს ყოველთვიურად შეხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამხედრო ექსპერტებსა და სამხედრო თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და  მასში 25 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ექსპერტი მონაწილეობდა.  


შეხვედრის  მიზანი თავდაცვის უწყების მაქსიმალური გამჭვირვალობის მისაღწევად  სამომავლო მექანიზმების შემუშავება იყო. საუბარი ასევე, შეიარაღებულ ძალებზე  სამოქალაქო კონტროლის გაზრდის საკითხსაც შეეხო.


თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დადებითად შეაფასა სამოქალაქო სექტორის  მხრიდან დაინტერესება. "შევთანხმდით, რომ ყოველთვიურად მოხდება ასეთი შეხვედრა. მაგრამ ისეთ სპეციფიურ თემებზე, როგორიცაა მაგალითად ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავდაცვითი სტრატეგია, შეიარაღებული ძალების ორგანიზების სტრატეგია - ამ საკითხებზე სამუშაო ჯგუფებთან ერთად  გვექნება ურთიერთობა. ძალიან მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა - ექსპერტმა, ორგანიზაციამ გამოთქვა გულწრფელი თანამშრომლობის სურვილი თავდაცვის სამინისტროსთან", - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.


შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ასევე,  ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები. 

5-12-2012, 18:11
უკან დაბრუნება