საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი, ლეგენდარული იტალიელი კინომსახიობი ჯანკარლო ჯანინი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას შეხვდა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, რომის კინოფესტივალის პრეზიდენტი ადრიანო პინტალდი, კინო ოპერატორი ნათია ჯაპარიძე, ფესტივალის დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, ფესტივალის კოორდინატორი ნათია ტრაპაიძე.
თბილისის 13-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სექციის "მსახიობი ფოკუსში" საპატიო სტუმარი არის ჯანკარლო ჯანინი, მსოფლიო კინოს იტალიელი ვარსკვლავი, რომელმაც თითქმის ყველა მთავარი როლი ითამაშა გამოჩენილი რეჟისორის, ლინა ვერტმიულერის ფილმებში (მათ შორისაა, ოსკარზე ნომინირებული "შვიდი ლამაზმანი" და კანის ფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრიზის მფლობელი "სიყვარული და ანარქია").
ჯანინის რამდენიმე ათწლეულიანი კარიერა მოიცავს თანამშრომლობას ისეთ ლეგენდარულ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ლუკინო ვისკონტი ("უდანაშაულო"), რაინერ ვერნერ ფასბინდერი ("ლილი მარლენი"), ეტორე სკოლა, ვალერიო ძურლინი, სტენლი კრამერი და ა.შ.
ჯანინი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია თავის ევროპელ კოლეგების შორის, რომელმაც 1980-იანი წლების დასაწყისიდანვე მოახერხა გასცდენოდა ევროპულ ფარგლებს და ემუშავა ამერიკულ მხატვრულ და სატელევიზიო კინოში. მისი ჰოლივუდური კარიერა მოიცავს, მაგალითად, რიდლი სკოტის "ჰანიბალს", ტონი სკოტის "ადამიანი ცეცხლში" და ა.შ.
ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი ჰოლივუდური როლები ჯანკარლო ჯანინიმ განასახიერა ბონდიანას სერიის ორ ფილმში "კაზინო როიალი" და "ნუგეშის კვანტუმი", რომელშიც იგი ფრანგი აგენტის, ჯეიმს ბონდის დამხმარის, რენე მათისის როლს ასრულებს.
ჯანკარლო ჯანინის კარიერა შთამბეჭდავი საერთაშორისო წარმატების ნიმუშია, იგი მოიცავს უდიდეს სპექტრს ევროპული არტ-ჰაუსით დაწყებული, ჰოლივუდური ბლოკბასტერების ჩათვლით, სადაც მსახიობი სხვადასხვა ენებსა თუ ამპლუაში თანაბარი წარმატებით ახერხებს თამაშს.
თბილისის მე-13 კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ოთხი ფილმი ჯანკარლო ჯანინის მონაწილეობით: ლუკინო ვისკონტის უკანასკნელი ფილმი "უდანაშაულო" და ლინა ვერტმიულერის ფილმები – "სიყვარული და ანარქია", "შვიდი ლამაზმანი" და "გარიყული".