მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების 71-კაციანი სიის სათავეში ბარაქ ობამა, ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი მოხვდნენ. რეიტინგი ჟურნალმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა და მასში პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და ფილანთროპები შევიდნენ.
სიაში მეოთხე და მეხუთე ადგილებს, შესაბამისად, ბილ გეითსი და რომის პაპი ბენედიქტ VI ინაწილებენ. პირველ ათეულში მეათე ადგილზე მოხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი.
რეიტინგში მე-16 პოზიცია ნიუ-იორკის მერს, მაიკლ ბლუმბერგს ერგო, ხოლო 23-ე – ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. გავლენიან ადამიანთა შორის 25-ე ადგილი "ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა დაიკავა, ხოლო 26-ე – "ნიუსკორპის" ხელმძღვანელმა რუპერტ მერდოკმა.
სიაში 29-ე პოზიცია მიაკუთვნეს იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო მონტის, ხოლო 30-ე – გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს.
რეიტინგში 50-ე ადგილზეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი კი 61-ე ადგილზე მოხვდა.
გავლენიან ადამიანთა უკანასკნელ სამეულში შესაბამისი თანმიმდევრობით მოხვდნენ "ფიფას" პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი და "ლინკედინ კორპ"-ის თავმჯდომარე რეიდ ჰოფმანი.
"ფორბსმა" კანდიდატების შერჩევისას გაითვალისწინა მათი ძალაუფლება და ფინანსური რესურსები, სახელმწიფოების მეთაურების შემთხვევაში – ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, ხოლო კომპანიების დირექტორების დასახელებისას – მათი ფირმების აქტივები, ხარჯები და შემოსავლები. ზოგიერთ შემთხვევაში მხედველობაში მიიღეს პირადი მდგომარეობა და ქვეყნის ბუნებრივი რესურსებიც.
როგორც "ფორბსში" განმარტავენ, შესაძლოა, ვინმეს სია სუბიექტურად მოეჩვენოს, თუმცა არ აქვთ პრეტენზია, რომ მათი შეფასება სიმართლის ბოლო ინსტანციაა.