პოეტი დათო მაღრაძე ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს „ფეისბუკიდან“ ეხმიანება. „ივერიონი“ მაღრაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„რეალობას აცდენილი ვეგონე მე სააკაშვილსაც, მერაბიშვილსაც, ეგონათ რომ თვითონ რეალობის მაჯისცემაზე ედოთ თავიანთი სასმენელი და მე ვეგონე აცდენილი. მე ბევრ ხელისუფლებასთან ვყოფილვარ ოპოზიციაში და ბოლოს ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი არიან რეალობას აცდენილები. არ მინდა, რომ ეს ვუსურვო არც კახი კალაძეს და არც სხვა მინისტრებს. მე არ განვეკუთნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც "საყველაფრო " აქვთ დამთავრებული, ენერგეტიკაშიც ისე ჩაერევიან, როგორც ვთქვათ, განათლებაში. არიან ამის პროფესიონალები დღეს „ქართული ოცნების“ გარშემო და ირგვლივ, რომელთაც სტატუსი არ უნდათ და ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უნდათ. ეს გამაღიზიანებელია. მათ არც კვალიფიკაცია ჰყოფნით, არც ცოდნა ჰყოფნით და შეუძლებელიც არის. ლეონარდო და ვინჩი თუ არა ხარ, როგორ შეიძლება ასეთი რენესანსული ტიპი მოევლინო, რომ ყველა სამეცნიერო დარგში ბრწყინვალედ ერკვეოდე და თან სახელმწიფო საქმის ორგანიზებაც ასევე კარგად გესმოდეს, რომ მინისტრებიც შენ უნდა დანიშნო, მათი მოადგილეებიც და თან არსად არ უნდა მუშაობდე. არ ვეკუთვნი მე ამ ადამიანების რიცხვს. არ მაქვს მე დამთავრებული "საყველაფრო".
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე პოეტ დავით მაღრაძის განცხადებებს გადაცემიდან “შალვა რამიშვილის დილა” გამოეხმაურა. კალაძემ მაღრაძის პოზიციას „რეალობას აცდენილი“ უწოდა.