საპროცედურო საკითხთა და წესების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე გადაწყდა, რომ "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მომავალი კვირისთვის გადაიდოს.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის მიზანს აღნიშნული კანონის საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.
პროექტის მიხედვით, პარლამენტის მიერ შექმნილმა კომისიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა უნდა შეამოწმოს.
ცვლილებები შედის "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ“ და "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილებებში.
დროებითი კომისიის მიერ შესასწავლი აუდიტის სამსახურის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები სამუშაო ჯგუფს უნდა განესაზღვრა, თუმცა როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რადგან საკითხი ჯერ-ჯერობით ვერ შეაჯერეს, სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს გააგრძელებს და კომიტეტი აღნიშული საკითხის განხილვას მომავალ კვირას მიუბრუნდება.