კავკასიურ სახლში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს კონფერენცია თემაზე "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივა ახალი ხელისუფლების პირობებში".
ამ თემაზე საექსპერტო შეფასება და ანალიზი მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდიამ გააკეთა.
"ყველა კონფლიქტი უნიკალურია. შევარდნაძის დროს განსხვავებული პოლიტიკური ელიტა იყო. ახლა გაცილებით გამოცდილი და წინ წასული ელიტაა. კონფლიქტის აცილება ახლა უფრო ადვილია, თუმცა მისი გადაწყვეტა ახლაც დიდ პრობლემას წარმოადგენს", - განაცხადა ნოდიამ.
"არსებობს კონფლიქტების გადაწყვეტის მშვიდობიანი გზა", _ ჩემი აზრით, ეს ყველაზე ფარისევლური განაცხადია", - ამბობს ნოდია.
ამასთან, ის კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე გზაზე საუბრობს. პირველი, ეს არის უმრავლესობის მიერ უმცირესობის დამორჩილება; მეორე გზა არის, კომპრომისის მიღწევა მხარეებს შორის, რომელიც ხშირ შემთხვევაში, პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა; მესამე არის – "გამოყოფა", როდესაც სახელმწიფო უკვე დამოუკიდებლად არსებობს. კონფლიქტის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია ასევე – გენოციდი. და ბოლოს, ეს არის დიდი სახელმწიფოების მიერ მიღებული შეთანხმება პატარა სახელმწიფოების მიმართ. "საქართველო ეგუება სტატუს-კვოს და არ ცდილობს, რაღაც დროით მაინც, იარაღით არსებული მდგომარეობის შეცვლას", - აცხადებს ნოდია.
მისი თქმით, 2008 წლის ომამდე საქართველოში კონფლიქტის საკითხი უფრო ბუნდოვანი იყო. ოსების დაყოლიება, ერთი შეხედვით, უფრო მარტივი ჩანდა, ვიდრე აფხაზების. არსებობდა ილუზია, რომ საქართველო აყვავდება და ორივე მხარე თვითონ გამოიჩენს ინიციატივას საქართველოში დაბრუნებაზე.
"2008 წელი ეს იყო უკვე "გაიასნება". კონფლიქტები უფრო მკაფიო გახდა. როდესაც სიცხადის ასეთ დონეზე ხარ, ლაპარაკს უკვე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს", - ამბობს ნოდია.
"დასავლეთი საქართველოს კონფლიქტს ეთნიკურს უწოდებს, ხოლო ჩვენ მას პოლიტიკურ კონფლიქტად ვაფასებთ. მე ვთვლი, რომ ორივე ტერმინი არასწორია. მე მას ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტს უფრო დავარქმევ", - ამბობს ნოდია.
მისი თქმით, კონფლიქტების გადაწყვეტა ნიშნავს, რომ ან წაგებულმა სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში საქართველომ, აღიაროს დამარცხება ან გამარჯვებულმა მხარემ, რუსეთმა დათმოს სხვა მნიშვნელოვანი ფასეულობები იარაღით მოპოვებული გამარჯვების სანაცვლოდ.
"ევროპას უნდა მშვიდობა და კონფლიქტების გადაწყვეტა მათთვის ზედმეტი თავის ტკივილია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი მათთვის ორმაგი პრობლემა იყო, რადგანაც ამის გამო მათ შვებულების შეწყვეტა მოუხდათ.
"შევეგუოთ სტატუს-კვოს და ვიმოქმედოთ მის პირობებში, ეს იდეალური გამოსავალია. ჩვენი თვალთახედვით, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში კონფლიქტების მოგვარება ძნელად წარმომიდგენია, თუ რა თქმა უნდა, არ შეიცვალა მსოფლიოში ძალთა ბალანსი, მაგალითისთვის – დაიშალა რუსეთი. რუსეთი საკმაოდ რაციონალურად აზროვნებს და იცის, რომ ქართველები არასანდო ხალხია და სწორადაც ფიქრობენ. საქართველო აფხაზეთის "ჯიბეში ჩადების" შემთხვევაში, ისევ ნატოსკენ აიღებს გეზს. თუ ჩვენ ნატოზე უარს ვიტყვით, საუკეთესო შემთხვევაში, რუსეთი სავაჭრო ბაზარს გახსნის", - აცხადებს ნოდია.