მთავარმა პროკურატურამ სერგო თეთრაძის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ინსპექტორი სერგო ბიწაძე დააკავა.
ამ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
ბიწაძეს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, გლდანის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა სერგო ბიწაძემ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან და მასთან დაახლოებულ პირ რ. მ.-სთან ერთად, მუხაძის "TOYOTA "PRADO"-ს მარკის სამსახურებრივი მანქანით, გლდანის მე-8 დაწესებულების ე.წ. "შლუზი"-დან, სადაც ავტომანქანით შესვლის უფლება მხოლოდ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და „პატიმრობის კოდექსის" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა უხეში უგულვებელყოფით, გამოიყვანა ხელბორკილდადებული პატიმარი სერგო თეთრაძე და წაიყვანა დაუდგენელ ადგილას.
დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, იმავე მანქანით, სერგო თეთრაძე დაწესებულებაში დააბრუნეს. მას აშკარად ეტყობოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რითაც დაირღვა სერგო თეთრაძის კანონიერი ინტერესი.
აღნიშნული ქმედების გამო, 5 დეკემბერს, სერგო ბიწაძეს ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. დაუსწრებლად წაეყენა ბრალი ალექსანდრე მუხაძესაც, რომელიც საქართველოში არ იმყოფება“, - აცხადებს პროკურატურა.