ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს დღეს კიდევ ერთხელ დაკითხავენ. მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზეა დაბარებული. განმეორებით დაკითხვა მის მიერ საქართველოს საზღვრის ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდება.
ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილმა ჩვენება პირველ დეკემბერს უკვე მისცა, თუმცა შსს-ის ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა გამოძიებასთან, ფაქტობრივად, არ ითანამშრომლა, რის გამოც მისი ხელმეორედ დაკითხვა მიიჩნია აუცილებლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით, საპასპორტო კონტროლის გავლისას, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინეს ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლისას აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.
"აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე.
აღნიშნულ საკითხზე მერაბიშვილის გარდა უწყებაში კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის პრეზიდენტის პროტოკოლის უფროსიც დაიკითხა.