"კოტე კუბლაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში შევიტანეთ სარჩელი, რათა მის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება", _ განაცხადა უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ "მაესტროს" პრესკლუბში.
უფლებადამცველის განცხადებით, არჩევნების შემდეგ მოსახლეობა ელოდა, რომ სასამართლოზე ზეწოლა შეწყდებოდა, მაგრამ ეს დღესაც გრძელდება.
"რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლოს იმ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი აქვს კოსტანტინე კუბლაშვილის მხრიდან. ჩვენ დავასახელეთ კონკრეტული ფაქტები: მოსამართლის მაგიდის ქვეშ მოსასმენი აპარატურის დაყენება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ჩარევა განაჩენის გამოტანის პროცესში. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მივაწოდეთ. მათ გამოთქვეს შეშფოთება და სათანადო რეაგირებასაც მოახდენენ",-აცხადებს მჟავანაძე.
უფლებადამცველი გამოთქვამს მწუხარებას იმ რეალური საფრთხის გამო, რომელიც პროკურატურაში შეტანილი განცხადებების არაობიექტურ გამოძიებას შეიძლება მოჰყვეს.
ნიკოლოზ მჟავანძე აცხადებს: "ძალიან მეეჭვება, რომ სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეებმა სამართლიანი განაჩენი გამოიტანონ. სასამართლო სისტემას პროკურატურის კადრები მართავენ, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულში არიან შემჩნეულები".
უზენაესი სასამართლოს თვჯდომარის პასუხისგებაში მიცემა ადვილი არ არის, რადგან უამრავი პროცედურის დაცვაა საჭირო. პირველ რიგში კი, პარლამენტის ნებართვაა, მაგრამ უფლებადამცველს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები არსებობს საიმისოდ, რომ პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს.
მჟავანაძე მოუწოდებს მოსამართლეებს, მიიღონ გადაწყვეტილება და დატოვონ თანამდებობები:
"ეს სისტემა არის გახრწნილი, სწორედ ამ სისტემად აქცია უამრავი ადამიანი პოლიტპატიმრად. დღის წესრიგში უნდა დადგეს ამ მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი. მიუღებელია, რომ დღეს სასამართლოში ისევ ძველი კადრები არიან, რომელთა უსამართლო განაჩენის გამო ციხეში მრავალი ადამიანი გააუბედურეს", - აცხადებს მჟავანძე.