სტუდია „მონიტორის“ დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი ტელეკომპანია „ინფო ტვ“-ისა და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ში მიმდინარე გადაჯგუფებებს პოლიტიკას უკავშირებს.
როგორც ზურიაშვილმა „ივერიონს“ განუცხადა, ტელეკომპანიის ჯერ გამოჩენა და მერე გაქრობა ზოგადად, ძალიან სამწუხარო ფაქტია.
მისი თქმით, მედიასაშუალების ჟურნალისტების ჰონორარულ ანაზღაურებაზე გადასვლა ორგანიზაციის შესუსტებას ნიშნავს.
„მიმაჩნია, რომ მსგავსი გადაჯგუფებები, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო, პოლიტიკას უკავშირდება. როცა მედიასაშუალება ჰონორარულ ანაზღაურებაზე გადადის, ეს მისი შესუსტებაა, რადგან ასეთ დროს სტაბილურობა ნაკლებია“, - განაცხადა ზურიაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, „ინფო ტვ“ და „ინფო 9“ ადრე უფრო მეტად სჭირდებოდათ და ახლა ნაკლებად სჭირდებათ.
ზურიაშვილის განცხადებით, უმჯობესია, მედიასაშუალებას პოლიტიკიდან ცოტა უფრო მეტი დისტანცია ჰქონდეს და ეთიკის სტანდარტებს უფრო მეტად დაუახლოვდეს.
„თვითონ ჟურნალისტებმაც უნდა ისწავლონ რაღაცნაირად, რომ როცა პოლიტიკიდან გამომდინარე რყევაა, მას ადვილად არ უნდა აყვნენ, თუმცა თუ აყვებიან, არც ეს იქნება ცუდი. ამავე დროს, მოლოდინი უნდა ჰქონდეთ, რომ ამ რყევამ შეიძლება მათი სიტუაციიდან ამოგდება მოიტანოს“, - აღნიშნა ჟურნალისტმა და დასძინა, რომ ამაში გასაოცარი არაფერია.
რეორგანიზაციის პროცესი სამ მედიასაშულებაში - „ინფო ტვ“-ში, „მე-9 არხსა“ და „ინფო 9“-ში ერთდრულად დაიწყო. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ „ინფო ტვ“ „მე-9 არხს“ უერთდება, „ინფო 9“-ის ჟურნალისტები კი, ჰონორარულ სისტემაზე გადაჰყავთ.