დღეს თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა საქართველოს სამხედრო უწყებას საჩუქრად ორი ერთეული „ლენდ როვერის“-ის მარკის საველე სარემონტო მანქანა და ერთი ერთეული ”ფორდის” მარკის ცეცხლმქრობი საველე მანქანა გადასცეს. საზეიმო ცერემონია ორხევის დასახლებაში მდებარე საავტომობილო ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.
საზეიმო ცერემონიას საქართველოს მხრიდან გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თურქეთიდან კი ღონისძიებაში მონაწილეობა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მურათ ბურანმა და სამხედრო ატაშემ მიიღეს.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი კერესელიძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან - თურქეთის გენერალური შტაბის ლოგისტიკური საკითხების ოფიცერმა, შტაბის მაიორმა, აიჰან დოღრუოზიმ მოაწერა.
საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაცემა თურქეთთან 2006 და 2008 წლებში ხელმოწერილი საგარეო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით მადლობას გიხდით ამ მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ.