საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან აღარ მოხდება.
ამის შესახებ დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და რეგიონული პოლიტიკისა თვითმმართველობის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს.
როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ზვიად ძიძიგურია.
მისი თქმით, ცვლილება არა მარტო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, არამედ „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში შედის.
უმრავლესობის წევრების მსგავსად, პარლამენტის მაჟორიტარი წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობის დაფინანსების ვალდებულებისგან თვითმმართველი ერთეულების გათავისუფლებას უმცირესობაც უჭერს მხარს, თუმცა დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის შენიშვნით, პროექტში მითითებული უნდა იყოს, თუ საიდან მოხდება ბიუროს დაფინანსება.
„უმჯობესია, მე-19 მუხლის მეორე პუნქტში დაკონკრეტდეს, რომ აღნიშნული თანხები მაჟორიტარის ბიუროს ოფისის დასაქირავებლად, კომუნიკაციების გასამართად, საკანცელარიო ნივთების შესაძენად, აპარატის სახელფასო ფონდის დასაფინანსებლად, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან გაიცემა“, - განაცხადა გოგორიშვილმა.