საქართველოს ნაკრების და იტალიური „კანტუს" უკანახაზელმა მანუჩარ მარკოიშვილმაევროლიგაში გამორჩეული მატჩი ჩაატარა - იტალიურმა გუნდმა ევროპული კალათბურთის გრანდი მადრიდის „რეალი" საკუთარ მოედანზე მიიღო და 76:70 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა კი საუცხოო თამაში აჩვენა - 34:18 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში ბოლო ადგილზე მყოფ კანტუელებს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდათ, რასაც მარკოიშვილის დახმარებით მიაღწიეს კიდეც. მარკოიშვილი შეუჩერებელი იყო ევროვარსკვლავებით გადაჭედილი „რეალის" წინააღმდეგ და მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 უწია. მადრიდელთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ჯეისი კეროლი, ხოლო ესპანეთის ნაკრების წევრმა სერჟიო ლულმა 17 ქულა დააგროვა. ამ გამარჯვებამ კანტუელებს საშუალება მისცა, ბოლო ადგილისთვის თავი დაეღწიათ.
მარკოიშვილის გუნდს 3 მოგება და 6 წაგება აქვს და A ჯგუფში მე-5 ადგილზეა. მეოთხეზე 4-4 მოგებ-წაგებით „ფენერბაჰჩეა", რომელსაც მარკოიშვილის გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 13 დეკემბერს სტუმრად ეთამაშება. სწორედ ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული, მოხვდებიან თუ არა კანტუელები ჯგუფიდან გამსვლელ 4 საუკეთესო გუნდში. მნიშვნელოვანია, რომ მარკოიშვილს შანსი აქვს, ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს.
დღევანდელ მატჩებში მარკოიშვილზე უკეთესი მაჩვენებელი არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონდა და თუკი 7 დეკემბრის მატჩებშიც არავინ გამოჩნდება, რომელიც ქართველი უკანახაზელის შედეგს გადაფარავს, მარკოიშვილი ტურის MVP გახდება.
ამავე ტურში გამარჯვებას მიაღწია და პირველი ადგილი შეინარჩუნა გიორგი შერმადინის„მაკაბიმ". თელავივურმა გუნდმა პოლონეთში „პროკომი" 89:73 დაამარცხა, თუმცა ქართველმა ცენტრმა კვლავ მცირე ხნით ითამაშა. შერმადინი მოედანზე ოთხნახევარი წუთით გამოჩნდა და თითო ქულა, მოხსნა და დაფარება მიითვალა.
ქართველმა ცენტრმა 2 საჯარიმო ესროლა და 1 ჩააგდო. ამავე ჯგუფში იმარჯვა ესპანურმა „უნიკახამ", რომელსაც „მაკაბის" დარად 7 მოგება და 2 მარცხი აქვს. ვიქტორ სანიკიძის „სიენა" კი მესამე ადგილზეა და 7 დეკემბერს საფრანგეთში „შალონს" დაუპირისპირდება. B ჯგუფში ორივე „ქართულ" გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვს.