შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა გამოძიებასთან კვლავ არ ითანამშრომლა. შსს-მ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკითხვასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
"მიუხედავად გამოძიების მიერ მოპოვებული, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მერაბიშვილის ჩვენებას, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კვლავ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. იგი შეგნებულად ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმეში არსებული დამატებითი მტკიცებულებები საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, სამინისტრომ დაკითხვის ვიდეო და ფოტომასალა გაავრცელა.