ივერიონი / ლტოლვილთა მინისტრი აშშ-ს ელჩს შეხვდა

ლტოლვილთა მინისტრი აშშ-ს ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

 

ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. 

 

დავით დარახველიძემ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში შეტანილი წვლილისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გაწეული დახმარებისთვის აშშ-ს ელჩსა და ამერიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

 

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მეტი კომუნიკაციისა და ღია ურთიერთობებისთვის, მოადგილეებთან ერთად, იგი დევნილ მოსახლეობას  ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება.

 

მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების დაძლევა ახალი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხია, ამიტომ ბიუჯეტის გაორმაგება დევნილი მოსახლეობისთვის საბინაო საკითხების მოწესრიგებას ემსახურება.

 

რიჩარდ ნორლანდმა მინისტრს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით აშშ-ს მთავრობის უცვლელ პოზიციაზე ყურადღება გაამახვილა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს დევნილი მოსახლეობის მიერ შენობების თვითნებურად დაკავება და რაპატრიაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა მისაღები ცენტრის პრობლემები.

 

მხარეები მომავალში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

8-12-2012, 11:36
უკან დაბრუნება