ეგვიპტეში მიმდინარე არეულობის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსმა შესაძლოა, ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს დაგეგმილი რეფერენდუმი გადადოს.
BBC-ის ინფორმაციით, ოპოზიციონერმა დემონსტრანტებმა წუხელ, კაიროში პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მიტანა სცადეს. ისინი პრეზიდენტთან დიალოგს მოითხოვდნენ.
ოპოზიციის მომხრეებმა რეზიდენციის გარშემო უსაფრთხოების კორდონი გაარღვიეს, თუმცა სამხედროებმა მათ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
შეტაკებები მუჰამედ მურსის მშობლიურ ქალაქში მიმდინარეობდა, სადაც მომიტინგეებმა პრეზიდენტის ოჯახის საცხოვრებელ სახლში შეჭრა სცადეს. არეულობის შედეგად, 25 ადამიანი დაშავდა.
ოპოზიციის მომხრეების პარალელურად, კაიროში მურსის მხარდამჭერებიც გამოვიდნენ და ეგვიპტურ ტელევიზიებს დაესხნენ თავს. ისინი სატელევიზიო არხებს ოპოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.