ივერიონი / რატომ ჯიუტობს პრეზიდენტი და რატომ ითმენს ამას ივანიშვილი?!

რატომ ჯიუტობს პრეზიდენტი და რატომ ითმენს ამას ივანიშვილი?!

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო უმრავლესობა მოვიდა, პრეზიდენტი ჯიუტად ებღაუჭება იმ სტრუქტურებს, რომელიც კონსტიტუციით მის დაქვემდებარებაშია, მაგრამ, პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ახალი ხელისუფლების სამსახურში უნდა ჩადგეს!

 

ჯერჯერობით ახალი უმრავლესობა ვერ ფლობს მართვის ბერკეტებს სახელმწიფო აუდიტის (ყოფილი კონტროლის პალატა) და ეროვნული ბანკის სისტემაში. ისევ პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია ე.წ. გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველობები, რომელთა უფლებამოსილება 2014 წლამდე გრძელდება. 

 

მართალია, რეგიონებში უკვე დაიწყო საკრებულოების თავმჯდომარეების და მუნიციპალიტეტის გამგებლების შეცვლა, მაგრამ საზოგადოება ფიქრობს, რომ ამ პროცესმა არაჯანსაღი ხასიათი მიიღო და უფრო „ხელის გადაგრეხვის“ პრაქტიკას წააგავს. თვითმმართველობებზე ზეწოლაზე მწვავედ საუბრობს დღევანდელი საპარლამენტო უმცირესობაც („ნაციონალები“), რომელიც ახალ ხელისუფლებას არადემოკრატიულ მართვასა და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. 

 

თუ „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგების ბუნებრივი პროცესი („ნაციონალები“ იმასაც ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან სისტემატური ზეწოლა მიმდინარეობს საკრებულოს „ნაციონალ“ დეპუტატებზე), ადგილობრივ თვითმმართველობებში უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ პრობლემებს მუდმივად შექმნის და საკრებულოს ეფექტური მუშაობის საშუალებას არ მისცემს. ჯერჯერობით პრეზიდენტის განკარგულებაში რჩებიან მუნიციპალიტეტის გამგებლებიც, რაც ასევე პრობლემებს ქმნის ადგილებზე სიტუაციის გასაკონტოლებლად.

 

სერიოზულ მუხრუჭად იქცა ახალი ხელისუფლებისთვის სახელმწიფო აუდიტისა (რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის გაკონტოლებაზე) და ეროვნული ბანკის სააკაშვილის განკარგულებაში არსებობა. ამ უკანასკნელს ყოველთვის აქვს ბერკეტი ხელოვნურად აუშვას ლარის კურსი და ქვეყანაში ინფლაციურმა პროცესებმა იფეთქოს!

 

 მართალია, პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებიც დაასახელა (რეზო შავიშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი), მაგრამ საქმე მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე კი უტიფრად აცხადებს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და ამაში მოქმედი კანონმდებლობა უწყობს ხელს.

 

დაახლოებით იგივე სიტუაციაა სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელთან მიმართებაშიც, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ, მართალია, პრეზიდენტი სააკაშვილი მსოფლიოს გასაგონად საშინაო საქმეებზე კონტროლს ივანიშვილს სრულად უფეშქაშებს, მაგრამ საქმით საპირისპიროს აკეთებს. სამწუხაროდ, მართვის სადავეების ხელში სრულად ასაღებად ახალი ხელისუფლების აქტიური ძალისხმევაც არ ჩანს, რაც ისევ და ისევ კოალიცია“ქართული ოცნების“ იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. 

 

უფრო რთულადაა საქმე საგარეო ურთიერთობებში. სააკაშვილის მიერ დანიშნული ელჩებიც  უტიფრად აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტს ემორჩილებიან და არც დიპლომატიური სამსახურის დატოვებას აპირებენ. ის, რომ ქართველი დიპლომატები პირწმინდად სააკაშვილის და არა სახელმწიფოს სამსახურში არიან, ამ ორი თვის მანძილზე მრავალგზის დამტკიცდა და ახლადარჩეულ ხელისუფლებასაც საერთაშორისო ასპარეზზე საქმეც გაუფუჭა.

 

ძნელია  გაარკვიო, როდის დამთავრდება კატა-თაგვობანას თამაში, მაგრამ ახალმა მთავრობამ მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და სააკაშვილის მიერ ხელდასხული და მისივე სამსახურში ჩამდგარი ელჩები სასწრაფოდ უნდა გამოიწვიოს. ვიდრე ისინი თავიანთი უპასუხისმგებლობით შეგნებულ დანაშაულს არ ჩაიდენენ, რომლის გამოსწორება ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება!

 

რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ახალმა უმრავლესობამ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ვიწრო პარტიულ ინტერესებს მორგებული კანონები დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, უნდა ამოქმედდეს საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის პრაქტიკა, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ნაციონალური ხელისუფლების ნარჩენების უტიფრობას და ქვეყანას ნორმალურად განვითარების შესაძლებლობას მისცემს. 

8-12-2012, 12:53
უკან დაბრუნება