ხელოვნების აკადემიის ორგანიზებით, დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული კონკურსი გაიხსნება.
ხელოვნების აკადემიის რექტორმა, ვალერიან შიუკაშვილმა განაცხადა, რომ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა რეგიონის სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეები მე-II დან XII კლასის ჩათვილით საფორტეპიანო, სიმებიანი და ჩასაბერი ინტრუმენტების სპეციალობებით.
საღამოს აკადემიის რექტორი ვალერიან შიუკაშვილი გახსნის, რომელიც ამავდროულად ჟიურის თავმჯდომარეცაა.
ჟიურის წევრები არიან საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მევიოლინე ირინე იაშვილი და დირიჟორი დავით მუქერია.
მესამე ეროვნული კონკურსის გახსნის პატივი წილად ერგო წინა კონკურსის გრანპრის მფლობელს ნათია ნატროშვილს, რომლის სოლო კონცერტით დამთავრდება გახსნის ცერემონიალი.
10 დეკემბრიდან კი, დაიწყება საკონკურსო მოსმენები. 16 დეკემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ლაურეატთა დაჯილდოვება და კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული კონკურსის დახურვის ცერემონია გაიმართება.