ამ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
პროდუქტებით დატვირთული 60-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა მეხუთე დღეა დუშეთის რაიონშია გაჩერებული. 50-ზე მეტი სატვირთო მანქანა დუშეთთან დგას, 10-მდე სატვირთო კი მლეთის პოლიციის განყოფილებასთან.
„სამშაბათიდან აქ ვარ და არ გვიშვებენ. გვეუბნებიან, გზა ჩაკეტილიაო. უშუალოდ საზღვართანაც ბევრი სატვირთო დგას. როდის გაიხსნება გზა, არავინ იცის და ვდგავართ ასე“, - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სატვირთოს მძღოლმა მატვეი სავინავმა.
„ნამდვილად არ ვიცი, გზა როდის გაიხსნება. უამინდობის გამო გადაადგილება შეზღუდულია“, - აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ შაღაშვილმა.
„ჯვრის უღელტეხილზე მოძრაობა ამინდის გაუარესების გამო მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის არის შეზღუდული. უღელტეხილზე პატარა თოვლია. როგორც ვიცი, ქარიც არის და ნამქერის საშიშროებაა, ამიტომ ზღუდავენ გადადგილებას. ნამდვილად არ ვიცი, როდის გაიხსნება სატვირთოებისთვის გზა, ალბათ ამინდზეა დამოკიდებული“, - აცხადებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ნუნუ მღებრიშვილი.