საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რიყის განვითარების პროექტით დაინტერესებას ადასტურებს, თუმცა ხაზგასმით აცხადებს , რომ მას შემდეგ, რაც პროექტის საბოლოო ვარიანტი იხილა, მის განხორციელებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
ივანიშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიძლება პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს რიყის პროექტთან დაკავშირებით მის მიმარ კითხვები გაუჩნდეს.
"ქალაქმა რიყის პროექტი გამომიგზავნა, რომელიც ნახატის დონეზე იყო შესრულებული. ნახატზე იყო ორი გრაფინი, რომელზეც ამბობენ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა და გრაფინები ჩვენი სიმბოლოა. ის, რაც ვნახე, ნამდვილად მომეწონა და ვთქვი, რომ ავაშენებდი მუსკომედიის თეატრს, მაგრამ როცა პროექტი არქიტექტორს ზომებში მოვაყვანინე და რეალური ნახატი ავაგეთ, მივიღეთ საშინელება. მაშინ კატეგორიულად უარი ვთქვი ამ პროექტის განხორციელებაზე და მათ ავუხსენი, რომ პირველადი ნახატი იყო შეცდომით აგებული და ის არ ჯდებოდა ზომებსა და პროპორციებში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა.
მისივე თქმით, რიყის განვითარების პროექტის განხორციელებაში ჩართვა მის სურვილზე იყო დამოკიდებული და შეეძლო აღნიშნული თეატრი აეშენებინა ან არ აეშენებინა.