ივერიონი / ივანიშვილს ვილფრედ მარტენსიღა აკლდა!

ივანიშვილს ვილფრედ მარტენსიღა აკლდა!

თქვენი არ ვიცი და მე ძალიან შემეცოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სახელისუფლო სადავეები ჯერ ბოლომდე არც კი მოუქაჩავს და უკვე კრიტიკის კორიანტელი დააყენეს საქართველოს „კეთილმოსურნეებმა“. ზოგი იმდენად გათავხედდა, თითის დაქნევასაც არ ერიდება და უფრო „მკაცრი გზავნილებითაც“ იმუქრება. 

 

მილიარდერი და ახლა უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მკაცრი არჩევანის წინაშე დადგა - თუ საარჩევნო დაპირებებს არ შეასრულებს და ქვეყანაში სამართლიანობის განცდას არ დაამკვიდრებს, საკუთარ ამომრჩეველს მოიმდურებს, რაც დიდად დააზარალებს მის რეპუტაციას. ხოლო, თუ დამნაშავეებს, სადაც ჯერ არს იქ  მიაბრძანებს, მთელი დასავლეთი აყვირდება - არიქა, საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება და ახალი ხელისუფლება მის წინამორბედს პოლიტიკური ნიშნით დევნისო.

 

ეტყობა, „ნაციონალებს“ საკმარისად უმუშავიათ საერთაშორისო ასპარეზზე. მართალია, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ საკუთარ ხალხს ლამის სული ამოხადეს, შიშისა და გაუტანლობის სინდრომი დაამკვიდრეს, მაგრამ იმდენი ქნეს, რომ ჩვენს საოცნებო დასავლეთში წარმატებული და დემოკრატიული მმართველის იმიჯი შეიქმნეს.

 

უკვე ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარი გაედინებოდა ლობისტური ჯგუფების დასაქირავებლად და მიზანმიმართული პიარკამპანიის გასაჩაღებლად. 

 

არამკითხე მოამბეებს რა გამოლევს ამ დუნიაზე. ეტყობა, ვილფრედ მარტენსიღა გვაკლდა. ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი იმდენად შეწუხებულა „საქართველოში მიმდინარე დაჭერებით და ჟურნალისტთა უკანონო გათავისუფლებებით“, რომ ეს ყველაფერი თურმე აღნიშნული პარტიის შეშფოთებას იწვევს. მის განცხადებებში, რომელიც ივანიშვილის მისამართითაა გამოთქმული, არა იმდენად ადამიანის უფლებების დარღვევაზეა საუბარი, არამედ „ნაციონალების“ ლიდერების „უკანონო“ თავდასხმაზე.

 

ბატონი მარტენსი მოუწოდებს ივანიშვილს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციასა და დემოკრატიულ ნორმებს. კონსტიტუციის პატივისცემა ვალდებულებასთან ერთად თითოეული მოქალაქის ღირსების საქმეც რომ არის, ბატონ მარტენსისგან არ გვესწავლება, მაგრამ, როგორ უნდა ვცეთ პატივი იმ კონსტიტუციას, უფრო სწორად, იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საერთო-სახალხო განხილვის საგანი არ ყოფილა და ყირაზეა დაყენებული საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ღირებულებები. იმ კონსტიტუციას, რომელიც პრეზიდენტს - კონსტიტუციის გარანტს - უფლებას აძლევს საკონსტიტუციო ვადის დასრულების შემდეგაც გააგრძელოს საპრეზიდენტო უფლებამოსილება.

 

ერთია, როცა თითს გიქნევენ და უსამართლობის შეგუებას გიკიჟინებენ, მაგრამ მეორეა, როცა ახალი ხელისუფლება მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ „ნაციონალების“ სახით საქმე გვქონდა არა მმართველ გუნდთან, არამედ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან.  სწორედ იმ დაჯგუფებასთან, რომელსაც  ნაკლებად აინტერესებდა კანონი და სამართლიანობა და ყველაფერს ერთად აღებულს საკუთარ ინტერესებს  არგებდა. 

 

ასე რომ, მეტი პრინციპულობა და ძალისხმევაა საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ მარტენსისებური გამოხტომები და საერთოდ ჩვენს დასავლელ მეგობრებს ავუხსნათ, რომ კონსტიტუციისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა, უპირველესად ქვეყანაში წესრიგის დამყარებას გულისხმობს. 

 

აქედან გამომდინარე, მათი“გულისამაჩუყებელი“ მოწოდებები და მკაცრი „გაფრთხილებები“ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას უფრო ჰგავს, ვიდრე კეთიგანწყობილ რეკომენდაციებს, რომლის უფლება არავის არ უნდა მივცეთ!

 

საბა მეგრელიშვილი

9-12-2012, 14:54
უკან დაბრუნება