საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი უმრავლესობიდან ლევან ბერძენიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს ეხმაურება.
,,ივერიონთან“ საუბრისას ბერძენიშვილმა აღნიშან, რომ თუ სერგეი ლავროვის განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გულისხმობს, საქართველოსთვის ასეთი დათმობები მიუღებელია. თუმცა, როგორც საპარკლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, ლავროვის კომენტარებს ოპტიმისტურად უნდა მივუდგეთ, რადგან ახალი ხელისუფლება მზად არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყანასთან ურთიეთობების დათმობას ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს.
-ბატონო ლევან, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადებები?
-ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს იმედი, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები იქნება, მაგრამ თუ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყანას ტერიტორიები უნდა ვაჩუქოთ, ან თუნდაც ვაღიაროთ ის, რაც მათ აღიარეს, ამის სანავლოდ არც თვითმფრინავი გვინდა და არც არაფერი. დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია წინ ისე წავიწიოთ, რომ აქტუალური პოლიტიკური საკითხები განხილვის საგნად დარჩეს, მაგრამ გარკვეული კავშირები შეიძლება დაიძრას. არ იქნება ცუდი, თუ პერსპექტივაში რუსეთთან საერთო გეგმის განხორციელებაზე გვექნება საუბარი. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას გულისხმობს ბატონი ლავროვი, თუმცა ვიცით, რომ ეს გამოსვლა წინა გამოსვლებისგან განსხვავებით არ ატარებდა თავდასხმით ხასიათს და არც იმ პირობებს შეიცავდა, რომელთა შესრულება ჩვენთვის შეუძლებელი იქნება.
- თქვენი აზრით, რითი არის გამოწვეული ლავროვის ტონის შეცვლა?
- ჩვენ მზად ვართ ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. წინა ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება კატასტროფა იყო. მათ დაიჯერეს, რომ ეს შეუძლებელია და რადგან თავად ვერ მოახერხეს, ჰგონიათ სხვაც ვერ გააკეთებს ამას. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება შეიძლება, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ ის ოკუპანტია. ჩვენი ტერიტორიები რჩება ოკუპირებულად და დეოკუპაციის საკითხი ჩვენთვის უპირველესი და ძირითადი ამოცანაა. ამ ამოცანის გადაწყვეტა ორი გზით შეიძლება: პირველი - ვთქვათ, რომ სანამ რუსეთი ოკუპანტია, მანამ არც ცოცხალს, არც მკვდარს არ ვცნობ, არ გვინდა და არ გვსურს რუსეთთან არაფერი. ან მეორე, ეტაპობრივად გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც დაგვაახლოებს ამ საკითხების გადაწყვეტასთან. ამიტომ შეიქმნა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის სამსახური რუსეთთან ურთიერთობაში.
- რა ტიპის დათმობებს შეიძლება ველოდოთ რუსეთის მხრიდან?
ვფიქრობ, ეს განცხადება შეიძლება იყოს ურთიერთობების გაუმჯობესების დასაწყისი რუსეთთან მიმართებაში - იქნება ეს ავიარეისები თუ ვაჭრობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ასე იოლად ვერ იტყვის უარს ქართულ პროდუციაზე. ჩვენთვის სტრატეგიულია რუსულ ბაზარზე დაბრუნება ღვინის და სხვა პროდუქტების სახით. ვფიქრობ, რომ ფრთხილად, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზმით უნდა მოვეკიდოთ ლავროვის ამ განცხადებებს. ეკონომიკური ურთიერთობების საკითხში, ემბარგოს მოხსნაზე რუსეთის წამოსვლა მოსალოდნელია, ვინაიდან იგი მსო-ს წევრია. ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ემბარგო გამორიცხულია. კონკრეტულად რაზე არის საუბარი და რა პოლიტიკა დგას ლავროვის ამ განხადებების უკან, ეს გაირკვევა მაშინ, როდესაც სათანადო შეხვედრები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაიმართება რუსეთის მხარესთან.
- თუ არის ცნობილი, როდის იგეგმება ეს შეხვედრები?
მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ბატონი ზურაბ აბაშიძის და პრემიერ-მინისტრის გარდა ალბათ ვერავინ გეტყვით, თუ როდის გაიმართბა შეხვედრები.
ქრისტინე მალანია