ბოლო დროს ოფიციალური მოსკოვის მხრიდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დათბობასთან დაკავშირებით მრავალი განცხადება კეთდება.
"საქართველოს მთავრობა რუსეთისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება", ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სერგეი ლავროვის განცხადებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქარველოს და რუსეთის დიპლომატების შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.
"მოსკოვი მზად არის განიხილოს საქართველოსთან რეგულარული ავიარეისების აღდგენის საკითხი", _ ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არის შეჩერებული.
"ცოტამ თუ იცის, რომ რამდენიმე წელია, უკვე აღდგენილია ჩარტერული ავიამიმოსვლა. ცოტა ხნის წინ ასეთი რეისები გაიზარდა კიდეც. ჩვენ, პრინციპში, მზად ვართ, განვიხილოთ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხიც", _ აცხადებს ლავროვი.
საქართველოსთან რეგულარულ ურთიერთობების აღდგენაზე ისაუბრა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა. დიმიტრი პესკოვის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობის განახლებას რუსეთში არ გამორიცხავენ, მაგრამ გამორიცხულია, ურთიერთობა ერთ კონკრეტულ ადამიანთან _ საქართველოს პრეზიდენტთან.
პესკოვის განმარტებით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის დადებით კონტექსტში გაგრძელებას ელის.