მივმართავ ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას: დაინტერესდით, რატომ არის ხალხისადმი ასეთი დამოკიდებულება, შეცვალეთ ძველი ხელისუფლების მართვის სტილი და მეთოდები. პატივი ეცით ადამიანების ღირსებას.
ამ მიმართვას ექსპერტი კახა კახიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. თუ რა გახდა ამის მიზეზი, ტექსტიდან შეიტყობთ, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ, საღამოს ჩამოვფრინდი სტამბულის რეისით. ბარგის აღებამდე მომიახლოვდა ქალბატონი და მითხრა, რომ ახლა საბაჟოზე აუცილებლად გააჩერებდნენ და ბარგს შეუმოწმებდნენ, სულ ასე იქცევიანო და ცვლილება ხალხისადმი არჩევნების შემდეგაც არ არისო.
ვუპასუხე, რომ ახლა არ მგონია, გაგაჩერონ-მეთქი, ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ მცირე მეწარმეებისადმი მიდგომები შეცვალა. ქალბატონმა მიიღო ბარგი და გასასვლელთან მართლაც გააჩერეს ბარგის შემოწმების მიზნით და შეიყვანეს სპეციალურ ოთახში. მთხოვა, გავყოლოდი, რაზეც უარი არ ვუთხარი.
ოთახში მებაჟეებს გაჩერებული ჰყავდათ კიდევ 3 მცირე მეწარმე, რომელთა ბარგს ამოწმებდნენ.
ვკითხე ცვლის უფროსს , რა კრიტერიუმებით აჩერებენ ხალხს და რატომ აწუხებენ? მიპასუხა, რომ ეს ხალხი ინდივიდუალური მეწარმეები არიან და ყველა ინდმეწარმეს ბარგს უმოწმებენ. საიდან იცით, რომ ინდმეწარმეები არიან?- ვკითხე მე. ყველაფერი ვიცითო, ვის რა თმის ფერი აქვს, ისიცო. გამოდის, რომ პასპორტის კონტროლის გავლის დროს, მონიტორზე ამოდის მთელი ინფორმაცია ადამიანის შესახებ და შემდეგ მეწარმეებს ჩხრეკენ. ძალიან გამიკვირდა ასეთი პასუხი და განვუცხადე, რომ ასეთი მამაცები მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებთან არიან, რატომღაც ვანო მერაბიშვილი გაატარეთ და სხვა გვარზე გაცემული პასპორტის ჩამორთმევაც კი ვერ გაუბედეთ, ასევე უპრობლემოდ საზღვარი გადაკვეთეს ყოფილმა თანამდებობის პირებმა, რომლებმაც, ჩემი აზრით, საქართველოდან დიდი რაოდენობით ნაღდი ფული გაიტანეს.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ის ცვლის უფროსია, რომელიც არჩევნებამდე საკმაოდ აქტიურად ამოწმებდა პოლიტიკოსებთან დაკავშირებულ ადამიანებს, რათა ოპოზიციის დასაფინანსებლად, საქართველოში ნაღდი ფული არ შემოეტანათ.
მესმის, რომ გადასახადების კონტროლი საჭიროა, მაგრამ ალბათ, ასეთი დამამცირებელი მიდგომები უნდა შეიცვალოს. როგორ შეიძლება, მცირე მეწარმეებს ასე მოექცე? თუ ეჭვი გაქვს, შეუმოწმე ობიექტი, რა საჭიროა ბარგში ქექვა?
მივმართავ ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას: დაინტერესდით, რატომ არის ხალხისადმი ასეთი დამოკიდებულება, შეცვალეთ ძველი ხელისუფლების მართვის სტილი და მეთოდები. პატივი ეცით ადამიანების ღირსებას“.