თბილისის საქალაქო სასამართლოში ამირან რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით პროცესი განახლდა. პროცესზე ერთ-ერთი განსასჯელის გიორგი ქურდაძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მივიდა.
„ეს საქმე 8 წლის განმავლობაში განუხილველი იყო, დღეს კი მისი არსებითი განხილვა იწყება. დღეს დავაყენებ შუამდგომლობას, რომ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირების მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. იმედი მაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს და მომავალში მოვითხოვთ კომპენსაციას", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
მისი თქმით, ბრალდება ხელოვნურად იყო „შეკერილი“ და ბუტა რობაქიძის მეგობრებს იარაღი ჩაუდეს. „ამ მიმართულებით გამოძიება უკვე დაწყებულია, რათა გამოავლინოს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და უდანაშაული პირების სისხლის სამართლებრივი უკანონო დევნის ფაქტები“, - აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, აღნიშნული ფალსიფიკაციის მონაწილე ერთ-ერთ პირზე, ზურაბ მიქაძეზე, რომელიც საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსია, სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია. „ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულებს კი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე I და II ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაცვის მხარეს გააჩნია მტკიცებულებები, რომლის მიხედვით, აღნიშნული სამი პირის მიმართ იარაღის ჩადება უკანონოდ მოხდა. დაცვის მხარეს ასევე აქვს ჩხრეკის ოქმების გაყალბების შესახებ ინფორმაცია,“ - ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.