საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.
"მსოფლიო ბანკი საქართველოში ძალიან ბევრ პროგრამას ახორციელებს, მათ შორის ერთ-ერთი პროექტი შეეხება სახელმწიფო ხარჯების მართვის სისტემას. ჩვენ მოვისმინეთ მსოფლიო ბანკის ანაგარიში და მათი რჩევები. ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ საკითხზე, რომ სახელმწიფო სახსრები უფრო ეფექტურად იხარჯებოდეს," - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნოდარ ხადურმა.
წარმოდგენილი ანგარიში მსოფლიო ბანკის რიგ რეკომენდაციებს შეიცავს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ხანდაზმული მოსახლეობისთვის ადეკვატური შემოსავლის უზრუნველყოფაზე სახელმწიფოს მხრიდან.
"ანგარიში შეეხებოდა სახელმწიფო ხარჯების წნეხის მართვის შესახებ. ფისკალური კონსოლიდაციის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება მერყევი, გლობალური, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის მისაღწევად. საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი პენსიებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ეს პრობლემები დაკავშირებულია ღარიბი მოსახლეობის სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების საჭიროებასთან," - განაცხადა მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა ფარუკ ხანმა.