ივერიონი / უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლება ჩემზე ზეწოლას ვერ გაბედავს!

უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლება ჩემზე ზეწოლას ვერ გაბედავს!

ახლადდანიშნული სახალხო დამცველის პირველი სამუშაო დღე უკვე შედგა. სააგენტო ,,ივერიონი“ უჩა ნანუაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ, სადაც ომბუდსმენი საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 


ნანუაშვილი უმცირესობის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ საკუთარი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ხელისუფლება მასზე ზეწოლას ვერ მოახდენს.
უფლემადამცველი მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცებით სამოქალაქო საზოგადოების ინტერეესები იქნა გათვალისწინებული.


ნანუაშვილი იმ პრიორიტეტებზეც საუბრობს, რომლის განხორციელებას სახალსო დამცველის რეგიონალური ოფისების ამოქმედებით აპირებს. ამასთან, ამბობს, რომ სპეციალურ მრჩეველთა საბჭოს ომბუდსმენების ყოფილი კანდიდატებით დააკომპლექტებს.


-    რას იტყვით, იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა თქვენს მიმართ აყენებს?

-    ბრალდება  ძალიან ბევრი იყო, თუმცა არც ერთი იყო დოკუმენტირებული და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული. ის, რომ მე  ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ან წევრი ვარ, ტყუილია! არც ერთი პოლიტიკური პარტიის არც წევრი და არც აქტივისტი არასდროს ვყოფილვარ. რაც შეეხება ჩემს ინიციატივას, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით გავაკეთე, ფაქტობრივად, ტალიავინის კომისიის დასკვნა იგივეს ამბობს, რასაც მე ჩემს მოხსენებაში ვწერდი. განსხვავებული და ახალი არაფერი მითქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო და ვის მიუძღოდა წვლილი კონფლიქტის გაღვივებაში. დასკვანში, 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საუბარია როგორც რუსეთის, ასევე ჩვენი ყოფილი ხელისუფლების როლზეც.
მინდოდა, პარლამენტში ჩემი გამოსვლა ახალი სახალხო დამცველის მომავალ გეგმებზე საუბრით დამეწყო. ყურადღება გამემახვილებინა როგორც პოზიციასთან, ასევე ოპოზიციასთან თანამშრომლობის ფორმატზე. სამწუხაროდ, ამის სურვილი არ იყო უმცირესობის მხრიდან. ცდილობდნენ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით, გაუგებარი, დაუდასტურებელი იფნორმაციებით მოეხდინათ ჩემი დისკრედიტაცია. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს გამოსწორდება.

-    სახალხო დამცველის კანდიდატურების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო. როგორ ფიქრობთ, თქვენი არჩევით, რამდენად იყო საზოგადოებრივი აზრი გათვალისწინებული?

-    რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ათეულობით ორგანიზაცია მიჭერდა მხარს. მათ შორის, იყვნენ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე სხვა კანდიდატებსაც უჭერდნენ მხარს. სამოქალაქო საზოგადოებას შესაძლოა, ჰყავდეს არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატურა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან  კონსენსუსის საფუძველზე მიიღეს. ვფიქრობ, სწორედ ამ კონსენუსმა განაპირობა ის, რომ დღეს მე ვარ სახალხო დამცველი. ეს რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან არ ყოფილიყო შეთანხმებული, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ასეთ სარისკო ნაბიჯს არ გადადგამდა.

-    წინამორბედი სახახლო დამცველების მიმართ ყოველთვის არსებობდა პრეტენზიები. თქვენ 94 ხმით დაგამტკიცათ პარლამენტმა. თუ არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლების მხრიდან გავლენის მოხდენის მცდელობა იყოს. ასეთ შემთხვევაში, რა მექანიზმებით აპირებთ გამკლავებას?

-    სახალხო დამცველზე ზეწოლა  ისჯება კანონით. ამასთან დაკავშირებით სპეციალური მუხლი არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ მე საკმარისი ავტორიტეტი მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ დიპლომატიურ მისიებში, დარწმუნებული ვარ, ჩემზე ზეწოლის მცდელობას ვერავინ გაბედავს. ჩემზე რაიმე სახის ზეწოლის მოხდენა შეუძლებელი იქნება. გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ვეცდები, რომ ობიექტური ვიყო. მივიღებ ნებისმიერის კონსტრუქციულ და სამართლიან შენიშვნას, რადგან კრიტიკა სახალხო დამცველსაც სჭირდება, თუმცა ის აუცილებლად რეალური უნდა იყოს!

-    როგორ შეაფასებდით თქვენი წინამორბედების  საქმიანობას?

-    ცოტა გამიჭირდება მათი შეფასება. იყო პოზიტიური და ნეგატიური მომენტებიც. შესაძლოა, ჩემი საქმიანობის პერიოდშიც ბევრი ისეთი ფაქტი იყოს, რომლის გათვალისწინება, ალბათ, მეც მომიწევს. მე და ჩემი ორგანიზაცია ,, Human rights cente“ ორივე სახალხო დამცველთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ბატონ სოზარ სუბართან უფრო ახლო ურთიერთობა გვქონდა, რადგან  ჩვენი შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვეოდა ერთმანეთს. გიორგი ტუღუშთანაც აქტიურად ვთანამშრომლობდით, თუმცა იყო საკითხება, რაზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა. მაგალითისთვის, აზრთა სხვადასხვაობა იყო წამების ფაქტებთან დაკავშირებით. წინა სახალხო დამცველი არ გვეთანხმებოდა, რომ ეს იყო წამება, ის ამ ყველაფერს არაჰუმანურ მოპყრობად აფასებდა. ასევე წლების განმავლობაში ვსაუბრობდით  პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაზე, რასთან დაკავშირებითაც გიორგი ტუღუში ნაკლებად აქტიურობდა.

-    თქვენ განაცხადეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას საქმის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენდით. რა იგეგმება ამ მიმართულებით?

-    ჩვენ ვეცდებით, ყველა მასალა მოვიპოვოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რათა  ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნა დაიდოს. ვიმედოვნებ, ყოფილი გენპროკურორის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ უფრო კონკრეტული გაცხადებების გაკეთებას.

-    რეგიონებში სახალხო დამცველის ოფისების გაძლიერებასთან დაკავშირებითაც საუბრობდით...

-    ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ რეგიონებში სახალხო დაცველის ოფისები რეალურად ამოქმედდეს. სამწუხაროდ, ეს ოფისები აქამდე მწირი იყო როგორც ადამიანური, ისე ფინანსურა რესურსებით. მათი უფლებამოსილებაც საკმაოდ შეზღუდული იყო. მინდა, რომ მათი ცნობადობა და როლი უფრო გაიზარდოს რეგიონებში. მოსახლეობის ფართო ფენებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, მაქსიმალურად ითანამშომლონ სახალხო დამცველის ოფისებთან.

-    სპეციალური მრჩეველთა საბჭო შექმნას აპირებთ. თუ გაქვთ გადაწყვეტილი, რა რესურსებით დააკომპლექტებთ მას?

-    საუბარია იმაზე, რომ სახალხო დამცველობის ყოფილი კანდიდატები ყველანი შევიდნენ სპეციალურ მრჩეველთა საბჭოში. სწორედ მათი რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინებით მოხდება სახალხო დამცველის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

-    რას იტყვით ციხეებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით?

-    ციხეებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა. ეს მძიმე მემკვიდრეობაა და იმედია, მოვახერხებ სამინისტროებთან და სხვადასხხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მოხდეს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაზეც წლების განმავლობაში იყო საუბარი. მთავარია, რომ იცვლება პოლიტიკა. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ იმას, რომ ეს პოლიტიკა  უფრო და უფრო ლიბერალური გახდეს. ვეცდებით, ის სამარცხვინო ადგილი დავთმოთ, რომლის მიხედვითაც პატიმართა რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველოს მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილზეა.

ესაუბრა ქრისტინე მალანია

10-12-2012, 18:23
უკან დაბრუნება