მედიაკავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა მთავარ პროკურატურას ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების დედნები გადასცა.
როგორც მან პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მასალები პროკურატურას საკუთარი ინიციატივით გადასცა.
მისი თქმით, აღნიშნული მასალა საკმაოდ ვრცელია და ბევრი გამოქვეყნებული არ ყოფილა. მათი ხანგრძლივობა დაახლოებით, 2 საათზე მეტია.
ინაშვილმა ასევე, პროკურატურას კონკრეტული დოკუმენტაცია გადასცა, რომელშიც გამოძიებისთვის საინტერესო ფაქტებია ასახული.
„ნდობას ვუცხადებთ პროკურატურას და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე, რომელიც ციხეებში პატიმრებს სადისტურად აწამებდა, დაისჯება“, - განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა ინაშვილმა.
მისი თქმით, ორი თვეა „ობიექტივის“ გარშემო „შავი კამპანია“ მიმდინარეობს და მათ წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებებს ავრცელებენ.
ინაშვილი პროკურორისგან ასევე, მოითხოვს გამოძიონ, თუ ვინ დგას აღნიშნული „შავი პიარის“ უკან.
„ყველა დოკუმენტაცია აღინუსხა და გამოძიებას ჩაბარდა. მთლიანად მასალა 2 საათზე მეტია. მაქვს ეჭვი კონკრეტულ ადამიანებზე. ჟურნალისტები და მოქალაქეები მეუბნებიან, რომ ამ „შავ პიარს“ გეგმავდა და გეგმავს უმრავლესობის წევრი გია ხუხაშვილი“, - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ის დიდ პატივს სცემს გია ხუხაშვილს და სურს სჯეროდეს, რომ ის აღნიშნულ საქმეში არ მონაწილეობს.
მისივე თქმით, ასევე, საუბარია ერთ-ერთ მოქმედ მაღალჩინოსანზე, რომელიც „ობიექტივის“ წინააღმდეგ „შავ პიარს“ უწევს ორგანიზებას.
ამასთან, ინაშვილი პროკურატურას თხოვნით მიმართავს, გაითვალისწინონ იმ პირების დამსახურება გამოძიების წინაშე, ვისი მეშვეობითაც პატიმრების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა.
„რომ არა ეს ადამიანები - ფარულავა, აკობია, იგივე ბედუკაძე, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდებოდა ამ კადრების მოპოვება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილი მთავარ პროკურატურაში დაახლოებით 16:00 საათზე მივიდა. მისი დაკითხვა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.