სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განცხადება გააკეთა. „გვერდში ვუდგავართ ყველა მოქალაქეს, აქტივისტსა და მთავრობას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს“, - განაცხადა ნორლანდმა.
მისივე შეფასებით, მთავრობები, რომლებიც ამ ფასეულობებს იზიარებენ, უფრო მშვიდობიანი და წარმატებულნი არიან და სხვა ქვეყნებს უკეთეს მეზობლობას უწევენ.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 10 დეკემბერს, აშშ-ის საელჩომ, ევროკავშირის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების საელჩოებთან ერთად, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და შრომის საკითხებზე რამდენიმე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა. აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი სამოქალაქო საზოგადოების საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდას გაუძღვა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უმცირესობათა, კანონის უზენაესობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.