თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გიორგი მასხარაშვილი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მასხარაშვილს ბრალად მკვლელობის მცდელობა ედებოდა.
პრესსამსახურის წარმომადგენლების თქმით, საქმე 2011 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხება, რა დროსაც ნასვამებმა ურთიერთშელაპარაკებისას ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„კერძოდ, ბრალდებულმა დანის გამოყენებით გ.ა. გულ-მკერდის არეში დაჭრა. მასხარაშვილის ქმედება იქნა წვეულებაზე მყოფმა პირებმა აღკვეთეს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო და მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა“,-ა ცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე თქმით, საქმის არსებითად განხილვისას, მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილმა მიიჩნია, რომ პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არსებობდა, რაც შერაცხულ დანაშაულში პირის ბრალეულობას დაადასტურებდა.
სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების მხარემ გიორგი მასხარაშვილის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ წარადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად, ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.