ივერიონი / 14 ლარიანი სამართალი

14 ლარიანი სამართალი

დღეს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა გორში მცხოვრებ 42 წლის მ. ზენაიშვილს და 38 წლის თ. სახვაძეს პირობითი სასჯელის სახით 4-4 წელი მიუსაჯა. ბრალდებულებმა ეს სასჯელი 14 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობისთვის „დაიმსახურეს“.


ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


ბრალდებული ქალბატონები აცხადებენ, რომ 14 ლარის ღირებულების ჯართის მოპარვა გაჭირვებამ აიძულა.


,,ქალბატონებმა პიროვნებას მოპარეს 14 ლარის ჯართი”, – წერია ბრალდებაში. ქურდობა 2009 წელს მოხდა.


თ. სახვაძეს ნერვული და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის ყოველდღიურად წამლების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.


“ჩვენს დანაშაულს, ქურდობას ვინანიებთ. ეს ყველაფერი გაჭირვების და შიმშილის გამო გავაკეთეთ, სხვა არაფერი გადაგვადგმევინებდა ამ ნაბიჯს. მეუღლე არ მყავს. ერთი შვილი მყავს და იმას რჩენა ხომ უნდა? ყოველდღიურად მუშად ვმუშაობ, რომ მშიერი არ ვიყო”, - უთხრა მოსამართლეს მ. ზენაიშვილმა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მას სასჯელის სახით, 120 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაც დააკისრა.


დაზარალებულს ზარალი - 14 ლარი უკან დაუბრუნდება.

11-12-2012, 18:06
უკან დაბრუნება