შეწყალებული პატიმრის მიერ ადამიანის მკვლელობის მცდელობას სასჯელაღსრულების სამინისტროში სამწუხარო ფაქტს უწოდებენ.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მედიის საშუალებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქემ თ.გ. 9 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია და რეაგირების გარეშე არ დარჩება.
განცხადების თანახმად, თ.გ. იმ პატიმართა ჩამონათვალში შედიოდა, რომელთა გაჩერება თავისუფლების აღკვეთის პირობებში მათ სიცოცხლეს პირდაპირ უქმნიდა საფრთხეს და მათი გამოჯანმრთელება სასჯელაღსრულების სისტემის ფარგლებში შეუძლებელი იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნული პატიმრების შეწყალების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.
„საერთაშორისო კვლევების თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლებული ადამიანების საშუალოდ 16% დანაშაულს კვლავ ჩადის, თუმცა მძიმედ დაავადებული პატიმრების შემთხვევაში, სასჯელისგან გათავისუფლებაზე უარის თქმა მხოლოდ მსაჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო, დაუშვებელია“,- აცხადებენ სამინისტროს წარმომადგენლები.
მათი თქმით, შეწყალებაზე შუამდგომლობა ამ შემთხვევაში ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენდა, რადგან სასჯელისგან გათავისუფლების სხვა მექანიზმები ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, 88 მძიმე ავადმყოფი მსჯავრდებულის გათავისუფლებას ვერ უზრუნველყოფდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მომავალში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პატიმართა საკითხის შესწავლას სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია გააგრძელებს, რომლის დაკომპლექტებაც გარკვეულ დროს მოითხოვს.