ივერიონი / ივანიშვილის დაპირება, რომელიც შეიძლება არ შესრულდეს

ივანიშვილის დაპირება, რომელიც შეიძლება არ შესრულდეს

რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 
ხელისუფლება  მოსახლეობას ბანკებიდან აღებული კრედიტების გადახდაში დაეხმარება. პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ ამის განხორციელება ერთ კვირაში აჭარის რეგიონიდან დაიწყება და ეტაპობრივად  მთელ საქართველოზე გავრცელდებაო.


დაპირებული ერთი კვირიდან უკვე 4 დღე გავიდა. წესით რეალური პროექტები უნდა არსებობდეს, რის მიხედვითაც სახელმწიფო შეძლებს დაპირების შესრულებას.

რა მდგომარეობაა აჭარაში და დაწყებულია თუ არა სამუშაოები კრედიტების გადასავადებლად? ამის გასარკვევად „ივერიონი“აჭარის მთავრობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ნაიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია.

აჭარის მთავრობის მონაცემებით, წარმოდგენილია  ქობულეთში მცხოვრებთა 384   განცხადება, სადაც ისინი  მთავრობის შუამდგომლობას ითხოვენ ბანკებთან და ფინანსურ კომპანიებთან კრედიტის პირობების გასაუმჯობესებლად.


ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ბანკირებთან გამართული  პირველი შეხვედრის შემდეგ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ამ ოჯახების პრობლემას დეტალურად სწავლობს. კომისია სახვადასხვა სიტუაციაში ბანკებისთვის და გადახდისუუნარო მსესხებლებისთვის პირობების გაუმჯობესების ხერხებზე, მათი თავიდან აცილების გზებსა და შეღავათიანი პირობების ჩამოყალიბებაზე მუშაობს.


„გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ბანკების რეგიონულმა  ხელმძღვანელებმა  მოკლე ხანში შესწავლილი საქმიანობის შედეგები წარმოადგინეს. მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ დროებით შეჩერდეს აღსრულების პროცესი მათ მიმართ, რომლებიც ამ ეტაპზე  გადახდისუუნაროდ ითვლებიან. ხოლო ის, ვინც გადახდისუნარიანად ითვლება და უპრობლემოდ სარგებლობს  სესხით, ბანკებთან ურთიერთობას  ჩვეულებრივად გააგრძელებს, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში. რიგ შემთხვევებში  შესაძლებელია პირობების გაუმჯოსება, კერძოდ საპროცენტო განაკვეთის შემცირება (საბაზრო განაკვეთის ფარგლებში) ან ვადის გაზრდა-პროლონგაცია ბანკის საკრედიტო პოლიტიკის გათვალისწინებით“,-გვითხრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.


მათივე განმარტებით, ამ პროცესების გამო ქობულეთში საბანკო დავალიანების მქონე ოჯახების გამოსახლება 10 დღით გადაიდო.


საინტერესოა, როგორია ბანკების პოზიცია, რადგან ამ საქმეში სწორედ ისინი არიან მთავარი „მოთამაშენი“ და შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ   საქართველოში მოქმედ რამდენიმე კომერციულ ბანკს დავუკაშირდით.


„საქართველოს ბანკის“ პრესსამასახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას  არ ფლობენ, თუმცა ბანკის პოზიციის გარკვევას დაგვპირდნენ, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში დაპირებული ინფორმაცია ვერ მივიღეთ.


ოდნავ განსხვავებული ვითარებაა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არ დაწყებულა მოლაპარაკებები, მაგრამ „თიბისი ბანკი“ გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს ხელისუფლებას და მოსახლეობას.
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი აქვთ ექსპერტებს. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიერ მოსახლეობითსვის კრედიტების გადახდა გამოსავალი არ არის.


მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში ყოფილა მსგავსი შემთხვევა, როცა მოსახლეობა ვერ იხდის ბანკის კრედიტებს და მათ უბინაოდ დარჩენის საფრთხე ემუქრებათ. ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფო მოქალაქეების  ვალებს საკუთარ თავზე იღებს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო-კომერციული ბანკები  გამოისყიდიან კერძო კომერციული ბანკებიდან  მოქალაქეების პრობლემურ სესხებს და შემდეგ თვითონ ახდენენ ამ სესხების რესტრუქტუირიზაციას - დროში გაწელვას და პროცენტების დაწევას.


საბანკო ექსპერტის ლია ელიავას თქმით, ეს ბევრ ქვეყანაში წარმატებით დანერგილი პრაქტიკაა, მაგრამ იგივე მოდელი საქართველოსთვის არ გამოდგება. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო-კომერციული ბანკები. ჩვენთან მხოლოდ კერძო ბანკები და „ეროვნული ბანკია“, რომელსაც არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი მსგავსი პროგრამებისთვის.
ექსპერტის თმით, საქართველომ უნდა გამოიყენოს აშშ-ში დანერგილი პრაქტიკა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები მოსახლეობისთვის იპოთეკური სესხების გადახდის პროცესის შესამსუბუქებლად.


„თუ ხელისუფლება დაიწყებს კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებებს, ეს იქნება სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა მათ საქმიანობაში, რაც საბაზრო ეკონომიკისთვის არ არის მისაღები.  კერძო ბანკების საქმიანობაში უნდა ხდებოდეს სპეციალური დებულებებით ჩარევა და არა ერთჯერადი აქციების განხორციელების მიზნით“,-განაცხადა ლია ელიავამ.


2012 წლის დასასრულია, სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული ყველა რესურსი გახარჯულია. ფინანსთა მინისტრი ღიად საუბრობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის შესავსებად მიმდინარეობს ხარჯების გამოთავისუფლება და ამიტომ, ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებას და მათ შორის, პრეზიდენტსაც დაფინანსება შეუმცირდა.


როცა ქვეყანაში ასეთი არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობაა, ჩნდება კითხვა: აქვს კი ჩვენს ქვეყანას იმის ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ კერძო ბანკებიდან მოსახლეობის პრობლემური სესხები გამოისყიდოს, მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აქვს საბანკო დავალიანება?


„სამწუხაროდ, დღეისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი ძალიან მწირია. ამიტომ ქვეყანას არ გააჩნია იმის ფინანსური სახსრები, რომ კერძო პირებს ვალები გადაუხადოს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი არ იქნება სოციალურად გამართლებული. რას ვგულისხმობ სოციალურად სწორ გადაწყვეტილებაში? -  როცა ადამიანი დაინახავს, რომ მის ვალებს სხვა იხდის, ის აუცილებლად გაიმეორებს მსგავს ქმედებებს იმის იმედით, რომ სახელმწიფო მას ხელს დააფარებს“, - განაცხადა ჩენთან საუბარში ლია ელიავამ.


ფაქტი ერთია, რომ საქართველოში ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა. განსაკუთრებით კი საკურორტო რეგიონებში. მოსახლეობამ ბანკებიდან აიღეს კრედიტები სახლების გასარემონტებლად და ტურისტების მისაღებად. მათ თავიდან დაბალპროცენტიან კრედიტებს და ტურისტების დიდ რაოდენობას დაჰპირდნენ, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ შესაძლებელია იპოთეკური სესხხის გამო ბევრი მათგანი საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩეს.


„ამ მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალია: სახელმწიფომ უნდა დააწესოს კონტროლი საბანკო კრედიტების გაცემაზე და მიიღოს შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომლებიც არ მისცემს ბანკს იმის საშუალებას, რომ საბანკო სესხებზე მაღალი პროცენტი განსაზღვროს  და ამით გააღარიბოს ისედაც ღარიბი საქართველოს მოსახლეობა“, - განმარტავს ლია ელიავა.


ირმა ჭარაქაშვილი

12-12-2012, 11:13
უკან დაბრუნება