დღეს გავრცელდა ამერიკის სენატორების წერილი ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელიც გამოცემა "ფორინჯ პოლისში" გამოქვეყნდა.
წერილში ახალი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი მკაცრად იყო გაკრიტიკებული.
"ამერიკელი სენატორების განცხადება საკმაოდ მწავევეა. ისინი საქართველოს გულშემატკივრები არიან და ამ საკითხის სიმწავავეც ამითაა განპირობებული. წერილში მთავარი საკითხი პოლიტიკურ დაკავებებს ეთმობა", _ აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ წერილმა კი არ უნდა გააღიზიანოს, არამედ უნდა გაითვალისწინოს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. ამის შესახებ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში წერეთელმა განაცხადა:
"ეს წერილი უნდა ემსახურებოდეს არა ახალი ხელისუფლების გაღიზიანებას, არამედ ანალიზის გასაკეთებლად უნდა იყოს გამოყენებული. დღეს არც ოპოზიციისთვის არის ამ წერილზე საუბარი სასიამოვნო. ჩვენ ის უფრო გაგვეხარდება, თუ საერთაშორისო დონეზე ახალი ხელისუფლების და "ნაციონალების" თანამშრომობაზე დაწერენ. წერილის მთავარი მიზანი ის არის, რომ არ უნდა დარჩეს ოდნავი შეგრძნებაც კი იმისა, რომ რაღაც არასწორად და არასამართლიანად კეთდება", _ ამბობს გიგი წერეთელი.
მან ასევე საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა:
"რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ჩვენც გვინდა და საქართველოს მოსახლეობასაც. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, თავად რუსეთი არ იძლევა ამის საშუალებას".
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის დანიშვნა კარგი ნაბიჯია, მისი კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
"ზურაბ აბაშიძე საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტურია ამ თანამდებობისთვის. არ მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან მარტო გასტრონომიულ დონემდე დავიდეს. მთავარია, ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბროთ. ასეთი შეხვედრები დიდი შედეგის მომტანი ვერ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ჩვენ ცდა არ უნდა შევწყვიტოთ. თუ ჩვენ სართოდ არ ვისაუბრებთ ამ თემაზე, ეს საკმაოდ ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.