ივერიონი / თბილისის მერია გარევაჭრობას არ დაუშვებს?!

თბილისის მერია გარევაჭრობას არ დაუშვებს?!

თბილისში გარემოვაჭრეების აქციებმა უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო.


რამდენიმე დღის წინ გარემოვაჭრეებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის _ ბიძინა ივანიშვილის სახელზე განცხადება გააკეთეს. განცხადებაში მოითხოვდნენ, რომ პრემიერს მათთვის, თუნდაც ახალი წლის პერიოდში, გარევაჭრობის უფლება მიეცა. ამ "უფლებას" შემდეგი მოტივით ამართლებდნენ: უჭირთ და ახალი წლისთვის ფული სჭირდებათ!


ამის შემდეგ კი, ხან ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხანაც მეტროსადგურ "სამგორთან" გარემოვაჭერეები აქციას მართავენ.


აქციის მოვაჭრეები გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიცია და მერიის ზედამხვედველობის თანამშრომლები მათ არ აძლევენ ვაჭრობის საშუალებას.


მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და ამ აქციის მონაწილეებს ვერაფრით დაეხმარებიან.


"გარევაჭრობა კანონით აკრძალულია. გარევაჭრობის აკრძალვის კონტროლი საპატრულო პოლიციას და მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალება. ყველა გარემოვაჭრე აღწერილია. აღვწერეთ თბილისში არსებულ ყველა ბაზარში თავისუფალი ადგილების რაოდენობა და შევთავაზეთ გარემოვაჭრეებს, შევიდნენ ბაზარში. მაგრამ  მათ ეს არ მოისურვეს. თუ სურთ ივაჭრონ, მაშინ ბაზარში შევიდნენ. სხვა რამის გაკეთება ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია", _ განაცხადა "ივერიონთან" საუბარში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ მალხაზ მუჯირიშვილმა.

12-12-2012, 15:56
უკან დაბრუნება