დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მცხოვრები ეკომიგრანტები რაიონის გამგებლის სახელზე მიმართვას ავრცელებენ. „ივერიონი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მოგეხსენებათ, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ფიროსმანი რაიონული ცენტრიდან ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული, საზღვრისპირა სოფელია, რომელიც დასახლებულია აჭარელი ეკომიგრანტებით.
ჩვენ აჭარიდან გამოვექეცით სტიქიას და ბუნებრივი რესურსების და პირველ რიგში, დასამუშავებელი მიწის არასაკმარისობას და ეტაპობრივი ადაპტაციის შედეგად დავფუძნდით ჩვენთვის სრულიად ახალ რეალობაში, განსხვავებულ ბუნებრივ პირობებში. დღესდღეობით ამ სოფელში 150-მდე კომლი ცხოვრობს და ისევ წარუმატებლად ცდილობს გაუმკლავდეს ბუნებრივ პროცესებს და მისგან გამოწვეულ სიძნელეებს, რაც ჩვენს ისედაც დუხჭირ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს.
ამჟამად ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ზამთრისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი შეშის გარეშეა დარჩენილი. ჩვენს მიდამოებში არის ჭალის ტყეები, რომლიდანაც ბოლო წლების განმაველობაში ხე-ხმელი და ფიჩხის ტიპის რესურსი გამოგვქონდა და ამით გაგვქონდა თავი, მაგრამ წელს ეს რესურსიც ამოიწურა.
ტყისა და ველური ბუნების სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამმართველომ ჩვენთვის ტყეკაფები გამოყო მეზობელი რაიონების ტყეებში, რაც ერთიორად ზრდის მის თვითღირებულებას და ამ თანხის გადახდის საშუალება ჩვენ არ გვაქვს.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რომ 2012–2013 წლის ზამთრის სეზონისთვის გამოყოთ საშეშე რესურსი და დაგვაკმაფილოთ შეშით. უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ და ჩვენს შვილებს სიცივისაგან გაყინვა გვემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ფიროსმანი სასაზღვრო სოფელია და მოსახლეობის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიაა“, - წერია მიმართვაში.
P.S. ღია წერილთან დაკავშირებით ქიზიყი.ge მუნიციპალიტეტის გამგებელს ესაუბრა. ირაკლი შიოლაშვილის განმარტებით, დედოფლისწყაროს გამგეობა მუშაობს, რომ მოსახლეობის შეშის მომარაგების საკითხი საკუთარი ძალებით გადაჭრას.