ივერიონი / ბანგლადეშის 10 მოქალაქე ქართულ ციხეში შიმშილობს

ბანგლადეშის 10 მოქალაქე ქართულ ციხეში შიმშილობს

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული ბანგლადეშის 10 მოქალაქე, რომლებსაც 14 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, პროტესტის ნიშნად, შიმშილობის დაწყებას აპირებს. ისინი საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მათი თქმით, საქმეში ცრუ მოწმე და დაზარალებულია გამოყენებული, რომელიც სისხლის სამართლის სხვა საქმეებშიც ფიგურირებს.


მათ მსჯავრი დაედოთ სსკ–ის 144 მუხლის მე–2 ნაწილის "ა", "ი", და "ვ" ქვეპუნქტებით, ასევე 181–ე მუხლის მე–2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.


ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან საუბრისას, მათ აღნიშნეს, რომ საპყრობილეში, დაწესებულების თანამშრომლები  სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
ადმინისტრაცია ამ ბრალდებას არ ადასტურებს.


მსჯავრდებულების განმარტებით, არჩევნების შემდეგ მათ განცხადებით მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და საქმის ხელახალი გადახედვა მოითხოვეს. იმის მიუხედავად, რომ განცხადების გაგზავნიდან თითქმის 40 დღე გავიდა, მათ პასუხი არ მიუღიათ.

13-12-2012, 11:47
უკან დაბრუნება