მოქალაქე მარინე იაკობიშვილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრას მოითხოვს. როგორც მან დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის ივანიშვილთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად ითხოვს. მისი თქმით, საქმე ბიზნესცენტრს ეხება, სადაც სასაუზმე "სოლოლაკი" მდებარეობდა.
იაკობიშვილის განცხადებით, აღნიშნული სასაუზის პროვატიზება ამხანაგობის მიერ 1995 წელს მოხდა, მის მეულეს გიორგი გოგილაშვილს კი სასაუზმის 48%-იანი წილი ეკუთვნოდა.
"აღნიშნული შენობა ამჟამად "ქართუ ჯგუფში" შემავალმა შპს" ინტერსერვისმა" ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან 12 თვის შემდეგ დაანგრია. 12 წლის განმავლობაში ჩვენი ქონების დაბრუნებას ვითხოვთ, თუმცა უშედეგოდ", _ განაცხადა მარინე იაკობიშვილმა.
მისი თქმით, ის "ქართუ ჯგუფისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთა განცხადებითაც, აღნიშნული საკითხი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაწყდებოდა.
მისივე განცხადებით, აღმოჩნდა რომ, სასაუზმე "სოლოლაკის" ტერიტორიაზე არ არის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
"სოლოლაკი" ბიზნესცენტრის შუაშია, გარშემო არსებულ ტერიტორიაზე ნასყიდობის 5 ხელშეკრულება არსებობს. ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე არა. ნოტარიუსის ამონაწერი ადასტურებს, რომ გასხვისება ნოტარიულად არ მომხდარა", _ ამბობს იაკობიშვილი.
მისივე თქმით, შესაძლოა ივანიშვილს აღნიშნულ ტერიტორიაზე ნასყიდობა მართლაც აქვს გაფორმებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კომპენსაციას მოითხოვს.
ამასთან, იაკობიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით საქმე სტრასბურგის სასამართლოში აქვს შეტანილი. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერსა და მას შორის მორიგება შედგა, სტარსბურგიდან სარჩელს გამოიტანს.
"ვთვლი, რომ აღნიშნული ქონება კანონიერად მეკუთვნის. მოვითხოვ ივანიშვილთან შეხვედრას და სტუაციაში გარკვევას. პრემიერმა თვითონ იანგარიშოს, რა თანხებზეა ლაპარაკი", _ განაცხადა მარინე იაკობიშვილმა და დასძინა რომ, თუ დავა საქართველოში არ მოგვარდება, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს.