იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია მიიჩნევს, რომ რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიკითხოს.
როგორც მან „პრაიმ ტაიმში“ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რიყის მართვის მაშინდელ უფროსს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რიყის გასხვისების საკითხში ივანიშვილიც იყო ჩართული.
„ეჭვი არ მეპარება, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ივანიშვილსაც ჰქონდა კავშირი. თუ ეს ასეა, მაშინ არა მხოლოდ მიწის კომისიის ყველა წევრმა უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, არამედ პრემიერ-მინისტრმაც კეთილი უნდა ინებოს და შეკითხევბს უპასუხოს“, - განაცხადა მაქაცარიამ.
მისი თქმით, საეჭვოა, რომ გამოძიბამ ივანიშვილი დაკითხვაზე დაიბაროს, რადგან აღნიშნული საქმე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითია.
მაქაცარიას განცხადებით, აღნიშნულ ზეწოლაში ამჟამად მოხვდა სამსახური, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის.
„არ შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით დანაშაულზე ვიდაოთ, რადგან ისეთი სუსტი საქმეა, რომ დანაშაულის ნიშნების მოძებნა რთულია. ჩემი დაკითხვიდან კარგად გამოჩნდა, რომ მათ სუსტი არგუმენტები აქვთ“, - აღნიშნა მაქაცარიამ და დასძინა, რომ დაკითხვის კონკრეტულ დეტალებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ისაუბრებს, თუ ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ.