ივერიონი / ბათუმში ინტერპოლით ძებნილი უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

ბათუმში ინტერპოლით ძებნილი უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსანი ანატოლი ჩუბი  დააკავეს.

შსს-ს განცხადების თანახმად, ანატოლი ჩუბი კიევის ინტერპოლის მიერ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლის მე-V ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2011 წლის 25 ნოემბრიდან იძებნებოდა.

განცხადების თანახმად, ძებნილი წლების განმავლობაში კიევის საბჭოს დეპუტატი და საქალაქო ადმინისტრაციის კომუნალური ქონების მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

„უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მან კიევის საქალაქო სამსახურების კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები გაფლანგა და მიითვისა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ,  ჩუბმა უკრაინა ფარულად დატოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ტერიტორიაზე ანატოლი ჩუბის  დაკავების შესახებ უკრაინულ მხარეს  უკვე ეცნობა. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მისი  ექსტრადიციის შესახებ.

14-12-2012, 15:09
უკან დაბრუნება