“თიბისი ბანკის” ადვოკატი გოჩა სვანიძე ანზორ ქოქოლაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.
მისი თქმით, ანზორ ქოქოლაძის განცხადება, რომ „თიბისი ბანკი“ 3 ობიექტს ასხვისებს, თითქოსდა „დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით“, მორიგი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
“ალბათ ბატონი ანზორი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ თიბისი ბანკმა განცხადებით პროკურატურას მიმართა და ცრუ დასმენის მუხლით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკი ბატონ ქოქოლაძეს სთავაზობდა და დღესაც სთავაზობს პრობლემის სამართლებრივ სივრცეში გადაჭრას, ეს უკანასკნელი ამჯობინებს, დეზინფორმაციის იარაღად მედია გამოიყენოს და ჯიუტად ცდილობს დამახინჯებული, მცდარი ინფორმაციით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა გოჩა სვანიძემ.
გოჩა სვანიძის თქმით, „თიბისი ბანკი“ არ აპირებს ქოქოლაძის აბსურდული და შეურაცხმყოფელი განცხადებების მოთმენას. შესაბამისად, პროკურატურის პარალელურად, „თიბისი ბანკი“ აპირებს მოიკვლიოს და გადაამოწმოს ქოქოლაძის მიერ ბანკებიდან ადრე გამოყოფილი ფინანსური რესურსების „გადაქაჩვის“ ფაქტები სხვადასხვა, მისივე ან მასთან დაკავშირებული პირების კომპანიებში (მათ შორის, „ტექნო ბუმში“).
„ჩვენს მიერ მოკვლეული მასალები ასევე გადაეცემა პროკურატურას. რაც შეეხება ბანკის მიერ აქტივების გასხვისებას, ეს პროცესი მუდმივად ხდება ბანკებში და „თიბისი ბანკი“ გაასხვისებს თუ არა და რა ფასად საკუთარ აქტივებს, ეს მხოლოდ ბანკის გადასაწყვეტია. ამასთან, თუ ქოქოლაძის განცხადების გამო რომელიმე გარიგება ჩაიშლება, საფუძველი გვექნება, მას ზარალის ანაზღაურება მოვთხოვოთ“, - განაცხადა სვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ხდება "ელიტ ელექტრონიქსის" წილების გადაფორმება ობშორულ კომპანიებზე. მან პოტენციურ მყიდველებს „ელიტ ელექტრონიქსის“ ქონების შეძენისგან თავის შეკავება ურჩია.